საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის გეოგრაფიულ საზღვარზეა, ყოველთვის ევროპელად გრძნობდა თავს.ე ს აუცილებელი დიპლომატიური არჩევანია, რომელსაც არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზში, ვიცე -პოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვრის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე.
პრეზიდენტის გაცხადებით, არავის, ახალგაზრდა თაობიდან, დღეს სხვაგვარად ვერც კი წარმოუდგენია თავისი მომავალი, თუ არა ევროპის წიაღში.
"ღვინის უძველესი ცივილიზაცია, მედეასა და არგონავტების ქვეყანა, მეოთხე საუკუნიდან ქრისტიანობის მიმღები ქვეყანა, ლიტერატურისა და პოეზიისადმი გულმხურვალე საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის გეოგრაფიულ საზღვარზეა, ყოველთვის ევროპელად გრძნობდა თავს.
ეს დღეს განმარტავს თუ რატომ სურს მოსახლეობის 80%-ს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს აუცილებელი დიპლომატიური არჩევანია, რომელსაც არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია, ეს ევროპული მისწრაფება ცივილიზაციის არჩევანს წარმოადგენს. ჩვენი ახალგაზრდები მასში ხედავენ თავიანთ მომავალს: ჩვენი ახალგაზრდები მოდიან სასწავლებლად და მკვიდრდებიან ევროპაში, ოცნებობენ პარიზსა და ბერლინზე და ეწაფებიან ევროპულ კულტურას. არავის, ახალგაზრდა თაობიდან, დღეს სხვაგვარად ვერც კი წარმოუდგენია თავისი მომავალი, თუ არა ევროპის წიაღში. არც რუსეთისაკენ, რომელიც გარდასულ წარსულს წარმოადგენს, არც ცენტრალური აზიისაკენ, თუ ახლო აღმოსავლეთისაკენ - რომელიც გეოგრაფიულად უფრო ახლოსაა, თუმცა კულტურულად ბევრად უფრო შორს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ვიცე-პოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვარს, სიკვდილის შემდეგ, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.
პრეზიდენტმა პარიზში დააჯილდოვა ქართული ემიგრაციის გამორჩეული წარმომადგენლები. მათ შორის, მან ბრწყინვალების ორდენით სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა ღირსი მამა ილია (ელი) მელია და დიპლომატი, მთარგმნელი და თეოლოგი კონსტანტინე ანდრონიკოვი (ანდრონიკაშვილი).
ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა პარიზში, ტრიუმფალურ თაღთან საფრანგეთისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.