უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, სერგეი კისლიცამ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებზე შეიმუშავეს 19-პუნქტიანი ახალი სამშვიდობო შეთანხმება, თუმცა პოლიტიკურად ყველაზე მგრძნობიარე საკითხებს ორივე ქვეყნის პრეზიდენტები გადაწყვეტენ.
კისლიცას თქმით, რომელიც უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა, შეხვედრა „დაძაბული“, მაგრამ „პროდუქტიული“ იყო და დასრულდა საფუძვლიანად გადამუშავებული დოკუმენტის პროექტით, რომელმაც ორივე მხარეს „დადებითი“ შთაბეჭდილება დატოვა.
მან განაცხადა, რომ ჟენევაში რამდენიმესაათიანი ფრთხილი მოლაპარაკებების შემდეგ, ამერიკულმა და უკრაინულმა დელეგაციებმა რამდენიმე საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა ყველაზე საკამათო საკითხები „ფრჩხილებში“ ჩასვეს.
კერძოდ, საუბარი ეხება ტერიტორიულ საკითხებს და ნატო-ს, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებს.
აღნიშნული საკითხები დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გადაწყდება
კისლიცას თქმით, ახალი პროექტი ნაკლებად ჰგავს სამშვიდობო წინადადების მანამდე გამოქვეყნებულ ვერსიას, რამაც კიევში ხისტი რეაქცია გამოიწვია.
„პირველი ვერსიიდან ძალიან ცოტა რამ დარჩა“, - თქვა მან.
„ჩვენ შევიმუშავეთ მყარი საფუძველი დაახლოებისთვის და რამდენიმე საკითხი, რომლებზეც კომპრომისზე წასვლა შეგვიძლია. დარჩენილი საკითხები ხელმძღვანელობისგან გადაწყვეტილებებს მოითხოვს“, - დასძინა მან.
კისლიცამ განაცხადა, რომ ამერიკელები ყურადღებით იყვნენ, მზად იყვნენ მოესმინათ უკრაინელების მოსაზრებები და ღია იყვნენ წინადადებების მისაღებად. „თითქმის ყველაფერი, რაც ჩვენ შევთავაზეთ, გათვალისწინებული იყო“, - თქვა კისლიცამ.
კისლიცამ აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე, როგორც ჩანს, მზადაა უარი თქვას უკრაინის არმიის რაოდენობის 600 000-მდე შემცირებაზე.
მან თქვა, რომ ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა ყურადღებით მოისმინეს უკრაინის არგუმენტები და შეთანხმდნენ, რომ ამ პუნქტებს გაითვალისწინებდნენ.
„ისინი შეთანხმდნენ, რომ გაჟონილ ვერსიაში (პროექტის) უკრაინული არმიის ზომა, ვინც არ უნდა ყოფილიყო მისი ავტორი, აღარ განიხილება“, - თქვა მან.
მისი თქმით, თავდაპირველ პროექტში პოტენციური ომის დანაშაულებისთვის საყოველთაო ამნისტიის წინადადება გადაიხედა, რათა გათვალისწინებულიყო „ომის დროს დაზარალებულთა საჩივრები“.
მან არაერთხელ შეაქო ამერიკის დელეგაციის „კონსტრუქციული ჩართულობა“. გამოყო რუბიო, დრისკოლი და კუშნერი: „მათ არასდროს უთქვამთ: „ჩვენ ამას არ განვიხილავთ“. ჩვენ საფუძვლიანად განვიხილეთ ყველა საკითხი“, - აღმიშნა მან.