რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებული „სამშვიდობო გეგმა“ 28-დან 19 პუნქტამდე შემცირდა. კერძოდ, ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც ამოიღეს, გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ეხება, რომლითაც ვაშინგტონიც გეგმავდა სარგებლის მიღებას. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემა წერს, რომ პროექტის უახლეს ვერსიაში აღარ არის ნახსენები დაახლოებით 100 მილიარდი დოლარის ოდენობის გაყინული რუსული აქტივების გამოყენება აშშ-ის ძალისხმევის დასაფინანსებლად უკრაინის აღდგენასთან დაკავშირებით.
„წინადადება ითვალისწინებდა, რომ აშშ მოგების 50%-ს მიიღებდა და ნებისმიერი გამოუყენებელი გაყინული აქტივი აშშ-რუსეთის საინვესტიციო ფონდში იქნებოდა მიმართული“, - აღნიშნავს გამოცემა.
ამავდროულად, ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი დისკუსია, რომელიც პოტენციური მოგვარებისთვის მთავარია, სავარაუდოდ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრაზე განიხილება. ამის შესახებ Bloomberg Television-თან ინტერვიუში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, იგორ ბრუსილომ განაცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკებები სამუშაო დონეზე უახლოეს დღეებში გაგრძელდება.
„როდესაც ყველა საკითხი მოგვარდება და ზოგიერთი მათგანი გადაუჭრელი დარჩება, მაგალითად, ტერიტორიულ საკითხებს ვგულისხმობ, მაშინ პრეზიდენტები დაუკავშირდებიან ერთმანეთს მათ განსახილველად და, სავარაუდოდ, მოამზადებენ ნიადაგს შეხვედრისთვის, რომელზეც ისინი საბოლოოდ შეთანხმდებიან ამ იდეაზე“, - განმარტა ბრუსილომ.
რაც შეეხება ნატო-ში გაწევრიანებას, „უკრაინისთვის ეს საკითხი დღის წესრიგიდან სრულად არ არის ამოღებული“, - აღნიშნა მან.