რუსეთს არ სურს ცენტრალურ აზიაში ამერიკელი სამხედროების ხილვა, ვინაიდან კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას აქვს საერთო უსაფრთხოების სივრცე. ამის შესახებ რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
"ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების საერთო სივრცე და ამ სივრცეს აქვს თავისი ვალდებულებები. ვგულისხმობ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, რომელიც ითვალისწინებს ყველა მოკავშირის თანხმობას მათ ტერიტორიაზე უცხოური შეიარაღებული ძალების განლაგებასთან დაკავშირებით", - თქვა ლავროვმა.
ლავროვის განცხადებით, ავღანეთიდან გასვლისას შეერთებულ შტატებს სურდა თავისი ინფრასტრუქტურის, იარაღისა და სამხედრო პერსონალის ნაწილი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე განთავსებულიყო.
"ეს მათ საშუალებას მისცემს, საჭიროების შემთხვევაში, დარტყმა მიაყენონ ავღანეთის ტერიტორიას, თუ ეს უკანასკნელი "ცუდად მოიქცევა", - განაცხადა ლავროვმა.
მანამდე Wall Street Journal იუწყებოდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჯო ბაიდენს ჟენევის სამიტზე უთხრა, რომ რუსეთი და ჩინეთი ეწინააღმდეგებიან აშშ-ის სამხედრო ყოფნას ცენტრალურ აზიასა და ავღანეთში.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია - რეგიონული საერთაშორისო სტრუქტურაა, რომელიც რუსეთის ეგიდით მოქმედებს. როგორც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წესდებაში არის ჩაწერილი, მისი მიზანია – მშვიდობის, რეგიონული უსაფრთხოების და სტაბილურობის გამყარება, კოლექტიურ საფუძველზე, წევრი ქვეყნების დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა“.
ორგანიზაცია 1992 წელს, სსრკ-ს დაშლისთანავე შეიქმნა. საქართველომ, აზერბაიჯანმა და უზბეკეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის რიგები ძალიან მალე დატოვეს და ახლა მის ექვს წევრს – სომხეთი, ბელარუსი,ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი წარმოადგენენ.