პირველად 1993 წლის შემდეგ, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) რუსეთის საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას არ გაგზავნის.
ეუთოს ეს გადაწყვეტილება უკავშირდება რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელმაც პანდემიის მოტივით, მკვეთრად შეამცირა საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა რაოდენობა.
ახალი წესების თანახმად, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შემადგენლობა განისაზღვრა იმაზე ნაკლებით, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო დაგეგმილი.
"ეს უბრალოდ არ გვაძლევს საშუალებას, რომ ეფექტურად და საფუძვლიანად განვახორციელოთ ჩვენი სამუშაო", - განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) განცხადებით, სადამკვირვებლო მისიის გაუქმება გარდაუვალი იყო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ "რუსეთის ხელისუფლებამ დაჟინებით მოითხოვა დამკვირვებელთა რაოდენობის მკვეთრად შემცირება“.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ODIHR და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა პატივს სცემენ პანდემიასთან ბრძოლის აუცილებლობას და მზად იყვნენ, შეესრულებინათ ყველა საჭირო მოთხოვნა და წესი, როგორც ეს სხვა ქვეყნებში ჩატარებული არჩევნების დროს ხდებოდა.
"რუსეთის ხელისუფლება არ იძლევა მკაფიო განმარტებას, თუ რატომ იყო საჭირო დამკვირვებელთა რაოდენობის შეზღუდვა, როდესაც შესაძლებელი იყო სიფრთხილის სხვა ზომების მიღება", - ნათქვამია განცხადებაში.
ეუთოს ინფორმაციის თანახმად, რუსეთის საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად გათვალისწინებული იყო 80 გრძელვადიანი და 420 მოკლევადიანი დამკვირვებელი, რუსეთის ხელისუფლებამ კი მოითხოვა ეს რაოდენობა შემოფარგლულიყო 50-ით და 10-ით.
ეუთო იუწყება, რომ თავისი გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას.
მოსკოვმა ეუთოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.
რუსეთის დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავჯდომარის, ლეონიდ სლუცკის განცხადებით, ეუთოს გადაწყვეტილება, არ გაგზავნოს სადამკვირვებლო მისია რუსეთში, პოლიტიკურად მოტივირებული და რეალურ საფუძვლებს მოკლებულია.
მისი თქმით, ასეთ ვითარებაში რუსეთის ხელისუფლებას მხოლოდ "სინანულის გამოხატვა" ძალუძს.
სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები რუსეთში 17-19 სექტემბერს გაიმართება.