უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, რუსული გაზსადენის პროექტის "ჩრილოეთის ნაკადი 2"-თან დაკავშირებით ბერლინსა და ვაშინგტოს შორის შეთანხმების მიღწევის შესახებ.
დმიტრო კულებას განცხადებით, რუსული პროექტი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და კიევი ყველაფერს იღონებს მის შესაჩერებლად.
"ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთნხმების 274-ე მუხლის თანახმად, უკრაინა ოფიციალურად იწყებს კონსულტაციებს ევროკომისიასა და გერმანიასთან "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-თან დაკავშირებით. "ჩრდილოეთის ნაკადი 2" უკრაინის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ევროკავშირის ენერგეტიკული კავშირის დივერსიფიცირების პრინციპს არღვევს", - ამბობს დმიტრო კულება.
მანამდე, გერმანიასა და აშშ-ს შორის მიღწეულ შეთანხმებას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც გამოეხმაურა, რომელმაც კვლავ დაგმო რუსული გაზსადენის პროექტის დასრულების იდეა.
ადმინისტრაციის განცხადებით, მიუღებელია "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-თან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება იმ ქვეყნების ზურგს უკან, რომელთაც ეს პროექტი რეალურ საფრთხეს უქმნის.
ბერლინისა და ვაშინგტონის შეთანხმების გათვალისწინებით, რუსული გაზსადენის პროექტის დასრულება შესაძლებელი გახდება. ვაშინგტონი უარს იტყვის გაზსადენთან დაკავშირებით ხისტი პოზიციების გაჟღერებაზე, ბერლინი კი პროექტის დასრულების სანაცვლოდ, უკრაინას დახმარებას გაუწევს ენერგეტიკულ პროექტებსა და დიპლომატიაში.
შეთანხმებაში გათვალისწინებული იქნება მექანიზმი, რომელიც სანქციების სახით ამოქმედდება თუ რუსეთი გაზსადენს უკრაინის წინააღმდეგ პოლიტიკური და ეკონომიკური მიზნებისთვის გამოიყენებს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, შეთანხმება ასევე ითვალისწინებს, უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის ხელშეკრულების 10 წლით გახანგრძლივებას, რომელსაც ვადა 2024 წელს ეწურება. ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია უცნობია.
ამ დროისთვის მილსადენის პროექტის 90%-ზე მეტი განხორციელებულია. იგი შედგება ორი პარალელური ხაზისგან, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გადის და თითოეული მათგანის სიგრძე 1230 კილომეტრია.
პროექტის მიხედვით მილსადენმა, უკრაინის გვერდის ავლით, ევროპას ყოველწლიურად 55 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი უნდა მიაწოდოს. ალტერნატიული გაზსადენის გამო უკრაინა ყოველწლიურად დიდძალ თანხას დაკარგავს.
შეერთებული შტატები ეწინააღმდეგებოდა პროექტს იმ მოტივით, რომ იგი აძლიერებს კრემლის ძალაუფლებას ევროპულ ენერგეტიკულ ბაზარზე და [რუსეთი] სჯის უკრაინას, რომელიც თავის აღმოსავლეთ პროვინციებში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ იბრძვის.
"ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის პროექტი უზრუნველყოფს რუსეთიდან გერმანიისთვის გაზის მიწოდებას ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით, რითაც რუსეთი გეგმავს, თავისი მრავალწლიანი ზრახვა, შეამციროს ენერგომატარებლების ექსპორტის დამოკიდებულება უკრაინის გზით ტრანზიტზე, მოიყვანოს სისრულეში.