შეერთებული შტატებისა და გერმანიის ხელისუფლებამ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-თან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებაში გამოხატეს მზაობა, რომ შეეცდებიან უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის ხელშეკრულება 10 წლით გაახანგრძლივონ. ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა სენატის საგარეო კომიტეტში განაცხადა.
"ამ შეთანხმების კიდევ ერთი ასპექტია რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის ტრანზიტის შესახებ ხელშეკრულების გაგრძელების მხარდაჭერა. როგორც მოგეხსენებათ, მას ვადა 2024 წელს ეწურება. ჩვენ ვეცდებით, ბერკეტის გამოყენებით, გავაგრძელოთ იგი 10 წლით", - თქვა ვიქტორია ნულანდმა.
ვიქტორია ნულანდის განცხადებით, შეთანხმება ასევე ითვალისწინებს, რომ ვაშინგტონი და ბერლინი შეეცდებიან შეამცირონ "როგორც უკრაინის ეკონომიკური დამოკიდებულება რუსული გაზის ტრანზიტზე, ასევე უკრაინის დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციიდან მის ტერიტორიაზე გაზის მიწოდებაზე".
სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, შეთანხმების მიხედვით, გერმანული მხარე მზად იქნება იმოქმედოს, თუ რუსეთი ენერგორესურსებს სხვა ქვეყნებზე ზეწოლისთვის გამოიყენებს, ან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ზომებს მიმართავს.
"გერმანიამ პირობა დადო, რომ მიიღებს ზომებს ეროვნულ დონეზე, ასევე შეეცდება მიიღოს ზომები ევროკავშირის დონეზე, სანქციების ჩათვლით, თუ რუსეთი გამოიყენებს ენერგორესურსებს იარაღად ან მიმართავს აგრესიულ ზომებს უკრაინის წინააღმდეგ", - თქვა მან.
ნულანდის თქმით, ამგვარი საპასუხო ზომები მიზნად ისახავს "ევროპაში რუსული ენერგიის ექსპორტის შეზღუდვას".
ვიქტორია ნულანდის თქმით, ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმება დღეს გასაჯაროვდება.