UNESCO-ს უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი გელათში არსებული მდგომარეობის ადგილზე შესწავლას დღეიდან იწყებს. პროცესი ერთი კვირა გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში კედლის მხატვრობის ექსპერტები და არქიტექტორ-რესტავრატორები არსებულ მდგომარეობას საკუთარი თვალით ნახავენ.
სპეციალისტები 2008 წელს შედგენილი პროექტის მიხედვით ჩატარებული გადახურვის სამუშაოების დროს დაშვებული ხარვეზების შედეგად შექმნილ მდგომარეობას დააკვირდებიან. გაიცემა დასკვნა.
საბოლოოდ რეკომენდაციების შესაბამისად, ქართველი სპეციალისტების ჩართულობით შემუშავდება ერთობლივი სამოქმედო გეგმა.
სწორედ უცხოელი ექსპერტების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, ქართველი სპეციალისტების ჩართულობით განისაზღვრება გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული გამოწვევების აღმოფხვრის შემდგომი სამოქმედო გეგმა.
აღსანიშნავია, რომ ექსპერტებს მისიის დასრულებამდე მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობა არ აქვთ გადაწყვეტილი. ისინი თვლიან, რომ მედიის მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, მხოლოდ მისიის დასასრულს, თბილისში დაბრუნებისას არის შესაძლებელი შემაჯამებელი ბრიფინგის გამართვა.
შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი პირადად გაეცნო გელათის სამონასტრო კომპლექსში იუნესკო-ს ექსპერტების საქართველოში ვიზიტისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს. სამინისტროს ინიციატივით, გელათის ძირითად ტაძარში კედლის ფერწერის სრულფასოვნად შესასწავლად ინტერიერში, ხოლო სახურავის შესასწავლად - გარე პერიმეტრზე, ხარაჩოები აღიმართა, რაც უცხოელ სპეციალისტებს ადგილზე არსებული მდგომარეობის შესწავლის საშუალებას მისცემთ.