ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფიდან 35 წელი გავიდა.
1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკის ავარიამ რეაქტორის დადნობა, ხანძარი და აფეთქება გამოიწვია. ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში.
ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.
ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ს აღმოსავლეთი ნაწილი. რადიოაქტიური ნალექის 60% დაილექა ბელორუსიის ტერიტორიაზე. დაბინძურებული ზონიდან ევაკუირებული იყო დაახლოებით 200 000 ადამიანი.
საგანგებო სამსახურების თანამშრომლები, მეხანძრეები და ის ადამიანები, ვისაც ატომურ ნარჩენებთან პირდაპირი შეხება ჰქონდა, გარდაიცვალნენ. რადიაციამ, სავარაუდოდ, წლების განმავლობაში ათასობით სხვა ადამიანის სიცოცხლეც იმსხვერპლა, როგორ უკრაინის, ისე ბელარუსის, რუსეთისა და სხვა ქვეყნების ტერიტორიებზეც.
ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით უკრაინაში დღეს მემორიალური ღონისძიებები გაიმართა. ზელენსკი ჩერნობილის კატასტროფის ზონას ეწვია და მსხვერპლებს პატივი მიაგო.
2016 წელს რადიაციის შესაკავებლად აფეთქებული სადგური სპეციალური ფოლადის "სარკოფაგით" დაფარეს. ეს 2,3 მილიარდი დოლარის ღირებულების მეტალის გუმბათია, რომელმაც რადიაციის გაჟონვა უნდა შეაკავოს. მის ქვეშ 200 ტონაზე მეტი ურანია მოქცეული.