არ არსებობს რაიმე მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ ასტრაზენეკას ვაქცინა იწვევს თრომბს, - განაცხადა ევროპის მედიკამენტების სააგენტომ.
მედიკამენტების სააგენტოს ხელმძღვანელის ემერ კუკის განცხადებით, სააგენტო ღრმად არის დარწმუნებული, რომ ასტრაზენეკას ვაქცინის სარგებელი გაცილებით აჭარბებს მისი გვერდითი ეფექტების რისკს.
ევროკავშირის მარეგულირებლის მტკიცებით, ვაქცინირებულ ადამიანებში გამოვლენილი თრომბის შემთხვევების რაოდენობა ემთხვევა ზოგადად მოსახლეობაში დაფიქსირებულ მაჩვენებელს.
ამასთან, ემერ კუკმა დასძინა, რომ ვაქცინის უსაფრთხოების შემოწმებასთან დაკავშირებით გამოკვლევა მიმდინარეობს და შედეგები ხუთშაბათს გამოქვეყნდება.
ცოტა ხნის წინ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მოუწოდა ქვეყნებს, განაგრძონ ასტრაზენეკას პრეპარატით ვაქცინაცია.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი შეუერთდნენ იმ ქვეყნებს, რომელთაც ასტრაზენეკას მიერ წარმოებული პრეპარატით ვაქცინაციის პროცესი დროებით შეაჩერეს, მიუხედავად ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მოწოდებისა, რომ პრეპარატსა და ვაქცინირებულთა მცირე ნაწილს შორის თრომბის გამოვლენას არავითარი კავშირი არ აქვს.
მანამდე, ასტრაზენეკას პრეპარატით ვაქცინაცია შეაჩერეს ნიდერლანდებმა, ირლანდიამ, ბულგარეთმა, დანიამ, ნორვეგიამ, რუმინეთმა, ისლანდიამ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მტკიცებით, არ არსებობს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ თრომბი, რომელიც ზოგიერთ ვაქცინირებულ პაციენტში გამოვლინდა, ამ ვაქცინას უკავშირდება.
ვაქცინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca, რომელიც აცხადებს, რომ ვაქცინირებულ ადამიანებში თრომბის შესახებ მტკიცებულება არცერთ შემთხვევაში დადასტურდა.
გასული კვირის მონაცემებით, ასტრაზეკენას ხელთ არსებული ინფორმაციით, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში 17 მილიონმა ადამიანმა მიიღო ვაქცინის დოზა, საიდანაც თრომბი 40-ზე ნაკლებ შემთხვევაში აღირიცხა.