„სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ჯიუტად იმეორებს იმ შეცდომებს, რომელიც წინა ხელისუფლებამ არაერთხელ დაუშვა და რისთვისაც ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი გადაიხადა სრულიად სამართლიანად", აცხადებს პარტია "მოქალაქეების" წევრი ლევან იოსელიანი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლითაც პროკურატურას „ტვ პირველიდან“ მასალების ამოღების უფლება მიეცა.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო არა ჩანაწერების შინაარსზე, არამედ მის მოპოვებაზე.
"ვგულისხმობ მედიაზე თავდახმასა და მედიაში შესაძლო შეჭრას, თუ შესვლას. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ქვეყანაში კიდევ უფრო ამძიმებს პოლიტიკურ სიტუაციას.
სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო არა ჩანაწერების შინაარსზე, არამედ მის მოპოვებაზე. ეს მიუთითებს, რომ შინაარსე გამოძიების დაწყების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. სწორედ ამიტომ, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მომხრე ვართ, რადგან სხვა რესურსს ვერ ვხედავთ, რომ ის ადამიანები დაიკითხონ, ვინც ჩანაწერებში ფიგურირებენ. პროკურატურა მათ არ დაკითხავდს რადგან ამაზე გამოძიება არ დაწყებულა. რეალურად არ უნდათ, გამოძიონ ის, რაც არსებითია ჩანაწერებში, მაგრამ გამოძიება დაიწყეს იმაზე, რაც საქართველოში ყველაზე მაღალი სტანდარტით არის დაცული – გამოხატვის თავისუფლება.
ჩვენ გვაქვს კანონი, რომელიც ჟურნალისტებს აძლევს საშუალებას, არ გაახმაურონ წყარო, საიდაც ინფორმაცია მიიღეს. ჟურნალისტს ვერანაირი სასამართლო გადაწყვეტილება ვერ აიძულებს, რომ წყარო დაასახელოს, რადგან ეს დაცულია კანონით. მიმაჩნია, რომ ხელისუფლება აბსოლუტურად არასწორ ნაბიჯებს დგამს, როცა სამიზნედ ამოიღო მედიასაშუალება და არა ის შინაარსი, რომელიც ამ ჩანაწერებშია გახმოვანებული“, – განაცხადა იოსელიანმა.