სასამართლომ პროკურატურას ტელეკომპანია "პირველიდან" ბერა ივანიშვილის ირაკლი ღარიბაშვილსა და ანზორ ჩუბინიძესთან საუბრის ჩანაწერებთან დაკავშირებული მასალების ამოღების უფლება მისცა.
პროკურატურა სასამართლოსგან შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ნებართვას ითხოვდა. კერძოდ:
ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძოს საუბრების ჩანაწერები;
კონფიდენციალური წყაროს მიერ ტელეკომპანია "პირველისთვის" გადაცემული კონვერტი, რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა.
შეგახსენებთ, რომ 6 მარტს ტვ „პირველის“ გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, გავრცელდა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი. სიუჟეტის ავტორების თქმით, აუდიოჩანაწერში ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ესაუბრება იმ ახალგაზრდების დაშინებასა და დასჯაზე, რომლებმაც მადზე ინტერნეტში შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი ფიგურანტია ანზორ ჩუბინიძეც.
ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ ეს ჩანაწერი ფაბრიკაციაა და 2010 წელს გაკეთებული ათეულობით ჩანაწერიდან არის დამონტაჟებული.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.