ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ აშშ-ში „დიდი ოცეულის“ (G20) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა არ გამოუხატავს. ამის შესახებ AFP იუწყება.
ჟურნალისტის კითხვაზე, მიანიშნა თუ არა ლავროვმა შეხვედრაზე, რომ ომის დასრულების მიზნით რუსეთი დათმობებზე წასასვლელად მზად არის, კალასმა უარყოფითი პასუხი გასცა.
„მაშინაც კი, თუ ისინი [რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები] სიტყვით სხვა რამეს ამტკიცებენ, მათი ქმედებები საპირისპიროზე მეტყველებს“, - განაცხადა კალასმა.
მისი თქმით, რუსეთმა საქმით უნდა დაამტკიცოს, რომ მოლაპარაკებებისთვის მზად არის. კალასმა გაიხსენა, რომ ივლისი, აგვისტო და სექტემბერი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ყველაზე საშინელი თვეები იყო.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ლავროვი უკრაინაში ომის შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა.
„რა თქმა უნდა, მან ბევრი ტყუილი და დამახინჯებული ფაქტი გააჟღერა, რომელთა უარყოფაც მოგვიანებით შევძელით“, - განაცხადა კალასმა.
კალასმა რუსეთზე ზეწოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა, მათ შორის, შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად.
მინისტრების შეხვედრაზე ტრადიციული „ოჯახური“ ფოტოს არარსებობის შესახებ დასმულ შეკითხვაზე კალასმა უპასუხა, რომ „ამ მაგიდასთან ომის დანაშაულები ნორმად არ უნდა ვაქციოთ“.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ში ჩავიდა, სადაც „დიდი ოცეულის“ (G20) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობს.