რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს.
იოსებ ტყემალაძე არჩევნებზე რეგისტრირებული ერთადერთი კანდიდატი იყო, ვინაიდან ირაკლი აბუსერიძე არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევდა.
"ვნებები რომ ჩაცხრება, უსწრაფესად გადავალთ საქმეზე, რომ დავიწყოთ იმ გეგმების განხორციელება, რომლებზეც უკვე ვილაპარაკე. სამწუხაროა, რაც შენობის გარეთ მოხდა, იცოდით, რაც იყო დაანონსებული. ყრილობაზე მოსვლა კლუბებს ძალიან გაუჭირდათ. მესმის მათი და მინდა გადავცე, რომ მათთან თანამშრომლობას ეს ხელს არანაირად არ შეუშლის. რაგბის კავშირს წელიწადნახევარია, პრეზიდენტი არ ჰყავს. დადგა ეს სანატრელი დღე. გამგეობას, დროებით პრეზიდენტ თორნიკე გოგებაშვილს მინდა მადლობა ვუთხრა. მათ ამ ურთულეს პერიოდში ღირსეულად იარეს და აქამდე მოიყვანეს ეს პროცესი", - განაცხადა ახალმა პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
არჩევნების პარალელურად იმართებოდა მოქალაქეებისა და ვეტერანი მორაგბეების საპროტესტო აქცია, რომლებიც არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.