"პოლიტიკური პატიმარი არ ნიშნავს იმ სიტუაციას, როდესაც პოლიტიკოსი ციხეში აღმოჩნდება,"- განაცხადა გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა "ღამის კურიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში შეკითხვაზე - "არსებობენ თუ არა საქართველოში პოლიტპატიმრები.
"პოლიტიკური პატიმარი, როგორც ამ ტერმინს "ამნესტი ინტერნეიშენალი" განმარტავს, არის ადამიანი, ვისაც თავისი პოლიტიკური შეხედულებებისა და პოლიტიკური საქმიანობის გამო სისხლის სამართლებრივი საშუალებებით დევნიან და ციხეში სვამენ. ტერმინი "პოლიტიკური პატიმარი" არ ნიშნავს იმ სიტუაციას, როდესაც პოლიტიკოსი ციხეში აღმოჩნდება“, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.
მან ოპოზიციის და ხელისუფლების დიალოგის პროცესი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკების პროცესი რთული იყო, რადგან მხარეები პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხებზე ვერ თანხმდებოდნენ, თუმცა თქვა, რომ ამის მიუხედავად, შედგა ისეთი ტექსტი, რომელზეც ორივე მხარე შეთანხმდა.
"მოლაპარაკებების დროს ოპოზიცია აცხადებდა, რომ არსებობდა სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლა, ხოლო სახელისუფლებო პარტია ამტკიცებდა, რომ სასამართლო უწყებები დამოუკიდებლები არიან და მათზე არ ხორციელდება ზეწოლა. ეს რთული მოლაპარაკება იყო, მაგრამ შედეგად შედგა ეს ტექსტი, რომლის ციტირებაც თქვენ მოახდინეთ, სადაც წერია, რომ მიუხედავად პარტიებს შორის არსებული განსხვავებული შეხედულებებისა, ყველა თანხმდება იმაზე, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც, შესაძლოა, აღქმულ იქნას, როგორც სასამართლოზე პოლიტიკური გავლენა. ამით დასრულდა 8 მარტის მოლაპარაკებები და ეს ჩვენ, იმ დიპლომატებს, რომლებმაც მივიღეთ მასში მონაწილეობა, გვაძლევს იმედს, რომ პოლიტიკური პარტიები გააგრძელებენ მოლაპარაკებებს და მუშაობას იმაზე, რომ საქართველოში შექმნან ისეთი სიტუაცია, როდესაც ყველას ექნება ნდობა სასამართლოსა და იქ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ", - განაცხადა ელჩმა.