ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტმა, წევრთა აბსოლუტური უმრავლესობით, ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა.
იმისათვის, რომ ჩრდილოეთ მაკედონია გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულფასოვანი წევრი, ესპანეთმა უნდა მოახდინოს პროტოკოლის რატიფიცირება, რაც ესპანეთის პოლიტიკური (სამთავრობო) კრიზისის გამო გაჭიანურდა. ნატო-ს დანარჩენი წევრი ქვეყნების პარლამენტებმა ეს უკვე გააკეთეს.
ამით ჩრდილოეთ მაკედონია ნატო-ს 30-ე წევრი ქვეყანა გახდება.
ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც დასრულდა მრავალწლიანი დავა ათენსა და სკოპიეს შორის და მოიხსნა ყველა ის ბარიერი, რომელიც უზღუდავდა მაკედონიას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას.
ათენი წლების მანძილზე ხელს უშლიდა ჩრდილოეთ მაკედონიის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ქვეყნის სახელწოდების გამო. რადგან საბერძნეთის ერთ-ერთ რეგიონს მაკედონია ჰქვია, ათენი შიშობდა, რომ ერთხელაც შესაძლოა ჩრდილოეთ მაკედონიას ტერიტორიული პრეტენზიები წამოეყენებინა.
ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩატარდა ასევე რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის სახელწოდების შეცვლას.