ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიაენმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ.
მანამდე, ევროპარლამენტის საკონსტიტუციო საქმეთა კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა შეთანხმება ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პირობების შესახებ.
"დღეს, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად ხელი მოვაწერე შეთანხმებას გაერთიანებული სამეფოს ევროგაერთიანებიდან გასვლის შესახებ. რაღაცეები აუცილებლად შეიცვლება, მაგრამ ჩვენი მეგობრობა უცვლელი დარჩება. ვიწყებთ პარტნიორობისა და მოკავშირეობის ახალ ეტაპს", - დაწერა შარლ მიშელმა მიკრობლოგ "ტვიტერზე".
გუშინ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ მეორემ ხუთშაბათს, ხელი მოაწერა კანონს გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ.
მანამდე ბრექსიტის კანონპროექტი პარლამენტის ლორდთა პალატამ დაამტკიცა და იგი სამეფო თანხმობის მისაღებად ბუკინგემის სასახლეში გაიგზავნა.
20 იანვარს გავრცელდა ცნობა, რომ პარლამენტის ზედა პალატამ, ლორდთა პალატამ კანონპროექტში გარკვეული ცვლილებების შესატანად დოკუმენტი თემთა პალატას დაუბრუნა.
ლორდთა პალატის მიერ შეთავაზებული ცვლილებები, ბრექსიტის შემდგომ, დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის მოქალაქეების მდგომარეობას შეეხებოდა.
თემთა პალატამ დოკუმენტის ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, რის შემდეგაც ლორდთა პალატა დათანხმდა კანონპროექტის უცვლელად მიღებას.
ბრექსიტის კანონპროექტი თემთა პალატამ 9 იანვარს დაამტკიცა.
კანონპროექტი ითვალისწინებს ევროკავშირიდან გასვლას 2020 წლის 31 იანვრამდე. ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სავაჭრო შეთანხმებების გაფორმებასთან დაკავშირებით.
ბორის ჯონსონმა მთავრობას ამ საქმიანობისთვის წლის ბოლომდე მისცა ვადა.
ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმების რატიფიცირება ევროპულმა პარლამენტმაც უნდა მოახდინოს. როგორც ვარაუდობენ, ეს შესაძლოა 29 იანვრის სხდომაზე მოხდეს