რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრისგან დიდ სარგებელს ელის.
„დიდ პოტენციურ სარგებელს ველი რუსეთის, ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერების მოახლოებული სამმხრივი შეხვედრისგან, რომელიც აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებშია დაგეგმილი“, - განაცხადა პუტინმა APEC-ის ბიზნესსამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, APEC-ის პლატფორმა ყველა დონეზე კონსტრუქციული დიალოგის, განსაკუთრებით კი წამყვანი ეკონომიკების ლიდერებს შორის კომუნიკაციის, ფართო შესაძლებლობებს ქმნის.
პუტინის განცხადებით, ლიდერებს შეუძლიათ, ერთ მაგიდასთან განიხილონ სახელმწიფოთაშორისი უთანხმოებები პოლიტიკის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კომპრომისებისა და ინტერესთა ბალანსის ძიების გზით, ასევე ერთობლივად იმუშაონ გლობალური მდგრადი განვითარების საფუძვლების გასაძლიერებლად.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თანამედროვე არასტაბილურ მსოფლიოში, გლობალური ეკონომიკის ფრაგმენტაციისა და სამხედრო-პოლიტიკური რისკების ზრდის პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთიანობა და არა დაყოფა, თანასწორობა და არა ჰეგემონია, პარტნიორობა და არა იზოლაცია, დიალოგი და არა ულტიმატუმები.
„თანამედროვე ტურბულენტურ მსოფლიოში, გლობალური ეკონომიკის ფრაგმენტაციისა და სამხედრო-პოლიტიკური რისკების ზრდის პირობებში, განსაკუთრებით მოთხოვნადია ერთიანობა და არა გათიშულობა, თანასწორობა და არა ჰეგემონია, პარტნიორობა და არა იზოლაცია, დიალოგი და არა ულტიმატუმები“, - აღნიშნა პუტინმა.
მანამდე პუტინი ჩინეთის ქალაქ შენჭენში ჩავიდა, სადაც 18-19 ნოემბერს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტი იმართება. ბიზნესსამიტი ჩინეთში რუსეთის პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის პროგრამას ხსნის.
ხუთშაბათს ასევე დაგეგმილია პუტინის, სი ძინპინისა და დონალდ ტრამპის სამმხრივი შეხვედრა.