20 იანვრის სხდომაზე, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ზედა პალატამ მხარი დაუჭირა ბრექსიტის კანონპროექტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის აქტს. იუწყება Deutsche Welle.
ამგვარად, ბრექსიტის კანონპროექტი, რომელიც თემთა პალატას უკვე დამტკიცებული ჰქონდა, უკან დაუბრუნდება პარლამენტის ქვედა პალატას და იგი ავტომატურად ვეღარ მოიპოვებს კანონის სტატუსს, როგორც ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ მას ლორდებიც მხარს დაუჭერდნენ.
ბრიტანეთის კანონმდებლობით, ლორდთა პალატას კანონპროექტის გაუქმების უფლებამოსილება არ გააჩნია. იგი უფლებამოსილია, კანონპროექტი, ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, თემთა პალატას დაუბრუნოს, რომელსაც შეუძლია წარდგენილი ცვლილებები მოიწონოს ან უარყოს.
შესაბამისად, აღნიშნული პროცედურა ძირითადად მხოლოდ კანონის მიღების გარკვეულ შეფერხებებს იწვევს.
ლორდთა პალატის მიერ შეთავაზებული ცვლილებები, ბრექსიტის შემდგომ, დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის მოქალაქეების მდგომარეობას შეეხება.
ზედა პალატის ინიციატივით, ევროკავშირის მოქალაქეებისთვის უნდა გაიცეს ბრიტანეთში ყოფნის უფლების დამადასტურებელი მატერიალური დოკუმენტი.
ბრექსიტის კანონპროექტი თემთა პალატამ 9 იანვარს დაამტკიცა.
კანონპროექტი ითვალისწინებს ევროკავშირიდან გასვლას 2020 წლის 31 იანვრამდე. ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სავაჭრო შეთანხმებების გაფორმებასთან დაკავშირებით.
ბორის ჯონსონმა მთავრობას ამ საქმიანობისთვის წლის ბოლომდე მისცა ვადა.