შეერთებული შტატების სენატმა დაამტკიცა თავდაცვის ფედერალური ბიუჯეტი 738 მლრდ დოლარის ოდენობით, რომელიც მოიცავს სანქციებს გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის წინააღმდეგ.
ბიუჯეტის პროექტს საბოლოოდ დასამტკიცებლად ხელი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს, რომელმაც განაცხადა, რომ მზად არის ამისთვის.
სანქციების ქვეშ მოჰყვებიან მილსადენის მშენებლობაში მონაწილე გემები და მათთან დაკავშირებული კომპანიების ხელმძღვანელები. მათ შესაძლოა უარი ეთქვათ აშშ-ის ვიზებზე და დაებლოკოთ ტრანზაქციები შეერთებულ შტატების ტერიტორიაზე მათ საკუთრებაში არსებულ ქონებებთან დაკავშირებით.
აშშ-ის ოფიციალური პირები თვლიან, რომ გაზსადენი გაზრდის ევროპის დამოკიდებულებას რუსულ ენერგეტიკაზე. ამავდროულად, მილიარდობით დოლარის აკუმილირებას მოახდენს ევროპიდან რუსეთში, რაც თავის მხრივ გაზრდის ვლადიმერ პუტინის გავლენას.
მანამდე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა მოუწოდა შეერთებულ შტატებს, არ ჩაერიოს ევროპის ენერგეტიკულ პოლიტიკაში.
გასულ კვირას, ჰაიკო მაასმა გერმანულ მაუწყებელთან საუბრისას, გააკრიტიკა შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მზაობა გაზსადენისთვის სანქციების დაწესების თაობაზე.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მიუღებელია, რადგან იგი მიზნად ისახავს გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ევროპის კონტინეტზე მიიღება", - თქვა მაასმა.
"ევროპის ენერგეტიკული პოლიტიკის საკითხები წყდება ევროპაში და არა აშშ-ში", - დაწერა მაგ მოგვიანებით მიკრობლოგ "ტვიტერზე".
ჩრდილოეთის ნაკადი 2
"ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის პროექტი უზრუნველყოფს რუსეთიდან გერმანიისთვის გაზის მიწოდებას ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით, რითაც რუსეთი თავის მრავალწლიან ზრახვას, შეამციროს ენერგომატარებლების ექსპორტის დამოკიდებულება უკრაინის გზით ტრანზიტზე, მოიყვანს სისრულეში.
ის ასევე გაივლის ფინეთის, შვედეთისა და დანიის ტერიტორიულ ან ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონებს.
გაზსადენს კრემლთან დაახლოებული "გაზპრომის" კუთვნილი კომპანია Nord Stream 2 AG აშენებს, რომელსაც პარტნიორობას გერმანული და ინგლისურ-ჰოლანდიური კომპანიები უწევენ.
გაზსადენის პროექტს აკრიტიკებენ შეერთებული შტატები და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა, რადგან თვლიან, რომ ის მეტად გაზრდის ევროპის ენერგოდამოკიდებულებას რუსეთზე. გასულ წელს ევროპარლამენტმა გაზსადენის მშენებლობის პროექტი დაგმო.
მილსადენის ექსპლუატაციის დაწყება იგეგმება 2020 წელს.