ევროპარლამენტმა გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა დაგმო. ევროპარლამენტის ეს დამოკიდებულება უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პირველ ანგარიშში აისახა.
ევროპარლამენტის განცხადებით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ პოლიტიკური პროექტია, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებას.
ევროპარლამენტი მიუღებლად მიიჩნევს ახალი გაზსადენის მშენებლობას უკრაინის გვერდის ავლით.
აღსანიშნავია, რომ გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობას სასტიკად ეწინააღმდეგება აშშ-ის ხელისუფლება და პროექტის მონაწილე კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს.
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ გამოდის უკრაინა, რომელიც, რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის შემთხვევაში, ეკონომიკურ ზარალთან ერთად, უსაფრთხოების პრობლემებსაც არ გამორიცხავს.
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენები რუსეთს გერმანიასთან უკრაინის გვერდით ავლით, ბალტიის ზღვით დააკავშირებს. გაზსადენს „გაზპრომის“ კუთვნილი კომპანია Nord Stream 2 AG აშენებს, რომელსაც პარტნიორობას გერმანული და ინგლისურ-ჰოლანდიური კომპანიები უწევენ.