დღეს, 3 ოქტომბერს, ცნობილი ისტორიული პირის, საზოგადო მოღვაწის, გიორგი სააკაძის გარდაცვლებიდან 381 წელი შესრულდეა.
გიორგი სიაუშის ძე სააკაძე, დიდი მოურავი _ როგორც მას უწოდებდნენ _ 1580 წელს სოფელ ფელში დაიბადა (გარდაიცვალა 1629 წლის 3 ოქტომბერს) იყო საქართველოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, საქართველოს გაერთიანებისთვის აქტიური მებრძოლი.
სააკაძის წინაპრები სამეფო აზნაურები იყვნენ და თეძმის ხეობაში ჰქონდათ ფეოდალური სამფლობელო, რომლის ცენტრი იყო სოფელი ნოსტე. სააკაძეს იმ დროისთვის შესაფერისი განათლება ჰრონდა მიღებული. იცოდა სპარსული და თურქული ენები. გამოირჩეოდა სამხედრო საქმის დიდი ცოდნითა და განსაკუთრებული ორგანიზატორული ნიჭით. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა XVI საუკუნის 90-იან წლებში. სიმონ I-თან ერთად იბრძოდა ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგ. 1600-1606 წლებში გიორგი X-ის თანამებრძოლი იყო. სააკაძის სამხედრო და სახელმწიფოებრივი ნიჭი წარმოჩინდა ლუარსაბ II-ის მეფობაში.
შინაფეოდალური ბრძოლების აღკვეთა და თავადების ალაგმვა, ე. წ. "ბატონყმური რიგის" დაცვა, ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერება, საქართველოს გაერთიანებაზე ზრუნვა სააკაძის მოღვაწეობის მთავარ მიზანს შეადგენდა. ამ საქმეში მას მხარს უჭერდა აზნაურობა და ზოგიერთი თავადი, რომელთაც სააკაძის "მოკიდებული კაცნი" (სააკაძის დასი ან "პარტია") ეწოდებოდა. ეხმარებოდნენ ვაჭარ-ხელოსნები და ნაწილობრივ გლეხობაც. ლუარსაბმა დაიახლოვა გიორგი სააკაძე, დანიშნა თბილისის მოურავად. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, გიორგი იყო ცხინვალისა და დვალეთის მოურავიც. სააკაძემ ქართლის მეფეს დაუმორჩილა გამდგარი მთიელები, მათ შორის ოსები და დვალები. დიდი ფეოდალი, არაგვის ერისთავი ნუგზარი თავისთავად შეიქმნა მეფის ერთგული, რადგან გიორგის სიმამრი იყო. შესუსტდა ფეოდალთა ანარქია. სააკაძემ ყურადღება მიაქციან ქვეყნის შენებასაც, ხელი შეუწყო ომიანობის დროს მიმოფანტული მოსახლეობის ფუძეზე დაბრუნებას. ამას მოჰყვა ქვეყნის ეკონომიკური მოღონიერება, რაც თავისთავად გადაიზრდებოდა ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკურ ძლიერებაში.
სააკაძის დასი საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური დაჯგუფება იყო 1608-1612 წლებში. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ლუარსაბ II-მ ცოლად შეირთო სააკაძის და, სააკაძემ და მისმა მომხრეებმა შეძლეს ცენტრალური ხელისუფლების ერთგვარი განმტკიცება და ქართლის თავდაცვისუნარიანობის აღდგენა, რამაც განაპირობა ქართლის გამარჯვება ტაშისკარის ბრძოლაში (1609).
სააკაძესა და მის მომხრეებს ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავდათ დიდ თავადთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის სახით, რომელსაც ფარსადან ციციშვილი და შადიმან ბარათაშვილი ხელმძღვანელობდნენ. სააკაძის მოწინააღმდეგებმა შეძლეს მეფის მიმხრობა და სააკაძის საწინააღმდეგო შეთქმულების მოწყობა. ლუარსაბ მეფე შეუშინდა თავადებს და სააკაძე დასაღუპავად გაიმეტა, თუმცა ბააკა ხერხეულიძემ სასწორზე შეაგდო თავისი სიცოცხლე და სააკაძე იხსნა.
სააკაძემ ბოლოს ირანში შაჰის კარზე წასვლა გადაწყვიტა. შაჰი სიხარულით შეეგება ლტოლვილებს. სააკაძეს მარტო თავშესაფარის პოვნა როდი აინტერესებდა, იგი თავისი მიზნების აღსრულებისთვის გამოსადეგ გზებს ეძებდა.
1619 შაჰ-აბას I-მა სააკაძე დანიშნა ქართლის ხანის სიმონ II-ის ვექილად (რწმუნებული). საქართველოში ჩამოსვლისთანავე იგი შეუდგა აჯანყებისათვის მზადებას. შეურიგდა თავის ყოფილ მტრებს. შეაკეთეს ციხეები, ხიდები და გზები, აშენებდნენ სოფლებსა და სხვა.
მოსალოდნელი აჯანყების თავიდან ასაცილებლად შაჰ-აბას I-მა 1625 ადრიან გაზაფხულზე დიდი არმია გამოგზავნა საქართველოში ყარჩიხა-ხანის სარდლობით. მისი მიზანი იყო კახელების მთლიანად გაწყვეტა და ქართველთა ირანში გადასახლება. 1625 წლის 25 მარტს აჯანყებულებმა სააკაძის მეთაურობით თითქმის მთლიანად გაწყვიტეს მტრის მთავარი ძალები მარტყოფთან. ქართლ-კახეთის მეფედ მიიწვიეს თეიმურაზ I. მარაბდის ბრძოლაში (1625) ქართველთა დამარცხების შემდეგ სააკაძე მთელი ზაფხულის განმავლობაში განაგრძობდა პარტიზანულ ბრძოლებს. ერთ-ერთ ბრძოლაში ქსნის ხეობაში სააკაძემ და მისმა მომხრეებმა ირანელთა 12-ათასიანი ლაშქარი გაანადგურეს. ქართლ-კახეთის აჯანყების დროს სპარსელებმა საქართველოში 60 ათასამდე მოლაშქრე დაკარგეს, რაც სპარსეთის სამხედრო ძალების ნახევარს შეადგენდა. შაჰ-აბას I ფაქტობრივად დამარცხდა და იძულებული გახდა, ხელი აეღო თავისი მიზნების განხორციელებაზე. ქართველებმა დიდი მსხვერპლის ფასად გაიმარჯვეს და შეინარჩუნეს ფიზიკური არსებობა. თუმცა მალე განხეთქილება მოხდა სააკაძესა და თეიმურაზ I-ს შორის, რასაც მოჰყვა ბაზალეთის ბრძოლა (1626). გამარჯვების შემთხვევაში სააკაძე აპირებდა ქართლ-კახეთის ტახტზე იმერეთის მეფის მემკვიდრის, ალექსანდრეს დასმას, რასაც უნდა მოჰყოლოდა სამი სამეფოს (ქართლი, კახეთი, იმერეთი) გაერთიანება. სააკაძე დამარცხდა და იძულებული გახდა ოსმალეთში გადახვეწილიყო, სადაც კონიის ვილაიეთის მმართველად დანიშნეს. სააკაძე ოსმალეთის მხარეზე იბრძოდა სპარსეთის წინააღმდეგ.
სააკაძის მიზანი იყო ოსმალთა დახმარებით სპარსეთის დამარცხება და საქართველოს განთავისუფლება. ოსმალთაგან იმედგაცრუებულმა გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნებულიყო, მაგრამ დიდი ვეზირის ხუსრევ-ფაშის ბრძანებით, სააკაძე, მისი ვაჟი ავთანდილი და 40-მდე მხლებელი შეიპყრეს და თავები მოჰკვეთეს.
განმანთავისუფლებელმა ბრძოლამ სააკაძის ხელმძღვანელობით აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა ფიზიკური განადგურებისგან იხსნა.