უნგრეთმა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაზე დაწესებული 17-თვიანი ვეტო მოხსნა, რაც პროცესის ფორმალურად დაწყების შესაძლებლობას ქმნის.
ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ბუდაპეშტმა და კიევმა შეთანხმებას მიაღწიეს უკრაინაში მცხოვრები უნგრული უმცირესობის უფლებების გაფართოების საკითხზე.
შეთანხმების ფარგლებში უნგრეთმა დაადასტურა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ევროკავშირის გაფართოების პროცესის პირველ ეტაპს, რაც მოლაპარაკებების ოფიციალურ დაწყებას გულისხმობს.
შედეგად, ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველ კლასტერს - 15 ივნისს გახსნის.
გაწევრიანების ფორმალური მოლაპარაკებები 15 ივნისიდან ლუქსემბურგში, მთავრობათაშორისი კონფერენციების ფარგლებში, თითოეულ ქვეყანასთან ცალ-ცალკე დაიწყება. 18 ივნისს კი, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტზე საკითხის დამტკიცების შემდეგ, ექვსიდან პირველი კლასტერი გაიხსნება და დაიწყება აღნიშნული ქვეყნების კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესი. ამ პროცესის დაწყებაზე რეკომენდაცია ევროკომისიამ 2025 წლის იანვარში გასცა, თუმცა მას ამ დრომდე ვიქტორ ორბანი ბლოკავდა.
ბუდაპეშტის პოზიციის ცვლილება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს, წინ წაწიონ გაფართოების პროცესი, რომელიც ბოლო თვეებში უნგრეთის ვეტოთი იყო დაბლოკილი.