მადლობა კვიპროსის თავმჯდომარეობას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინსვლის მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სინიჰა სოციალურ ქსელში წერს.
"მადლობა კვიპროსის თავმჯდომარეობას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინსვლის მხარდაჭერისთვის.
მადლიერებას გამოვხატავ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს, ევროკომისიისა და ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ მათი ურყევი მხარდაჭერისთვის.
ასევე ვაფასებ უნგრეთის კონსტრუქციულ ჩართულობას. ჩვენ ვხსნით უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობებში ახალ თავს - რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, ნდობასა და ჩვენს საერთო ევროპულ მომავალზე", - წერს სიბიჰა.
ცნობისათვის, ევროკავშირის საბჭოს კვიპროსის თავმჯდომარეობა აცხადებს, რომ უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის ოფიციალურად გახსნისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.
„დღეს კვიპროსის თავმჯდომარეობამ დაიწყო მზადება უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებებში პირველი კლასტერის ოფიციალური გახსნისთვის. ეს აღნიშნავს მნიშვნელოვან ეტაპს მათი ევროპული ინტეგრაციის გზაზე და აგზავნის ევროკავშირის ერთიანობისა და მონდომების ძლიერ გზავნილს.
მომდევნო დღეებში ჩვენ გავაგრძელებთ თავდაუზოგავად მუშაობას საბჭოში კლასტერის ოფიციალური გახსნის შესახებ დისკუსიების დასასრულებლად. კვიპროსის თავმჯდომარეობა, დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომით ხელმძღვანელობით, ახორციელებს გაფართოებას, რაც სტრატეგიული პრიორიტეტი და ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ტრანსფორმაციული პოლიტიკაა“, – წერს ევროკავშირის საბჭოს კვიპროსის თავმჯდომარეობა X-ზე.
ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, 15 ივნისს ლუქსემბურგში გაიმართება ორი ცალკეული მთავრობათაშორისი კონფერენცია - უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტრის, გახსნის მიზნით.