უკრაინის კანონი "უკრაინული ენის, როგორც სახელმწიფო ენის ფუნქციონირების უზრუნველყოფის შესახებ", ვერ შექმნის საზოგადოებაში აუცილებელ წონასწორობას უკრაინული ენის პოპულარიზაციასა და ეროვნული უმცირესობების ენობრივი უფლებების თანაბარ დაცვას შორის.
ამის შესახებ ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში, რომელიც მიღებულია პარასკევს, 6 დეკემბერს, ვენეციაში ჩატარებული სხდომის დროს. იტყობინება Deutsche Welle-ი.
ექსპერტები ურჩევენ კიევს, შეაჩეროს ენის შესახებ კანონის დებულებების იმპლემენტაცია, რომელიც უკვე ძალაში შევიდა, სანამ უმაღლეს რადას წარედგინება კანონი ეროვნული უმცირესობების შესახებ.
ამავდროულად, ვენეციის კომისიაში აცხადებენ, რომ უკრაინის ხელისუფლების სურვილი, სახელმწიფო ენის ფუნქციონირების საკითხი საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს, გასაგები და გამართლებულია, თუმცა მიიჩნევენ, რომ ენობრივი პოლიტიკა უკრაინაში უკიდურესად რთული და მგრძნობიარე საკითხია.
მათივე მოსაზრებით, შესაძლოა ეს საკითხი მომავალში გახდეს ქვეყნის შიგნით დაძაბულობის წყარო.
ვენეციის კომისიის ექსპერტები უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებენ "გადახედონ კანონს სახელმწიფო ენის შესახებ და მოამზადონ კანონი ეროვნული უმცირესობების შესახებ, კონსულტაციებისთვის ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვით, განსაკუთრებით ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებით.
უკრაინის კანონი "უკრაინული ენის, როგორც სახელმწიფო ენის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად", ძალაში 2019 წლის 16 ივლისს შევიდა.
კანონი უკრაინულ ენას ერთადერთი სახელმწიფო ენის სტატუსს ანიჭებს, რომელიც სავალდებულოა ხელისუფლებისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ კანონი არ ეხება პირად კომუნიკაციას და რელიგიური რიტუალების ენას.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის კანონმა ენის შესახებ დიპლომატიური კრიზისი წარმოშვა კიევსა და ბუდაპეშტს შორის.
უნგრეთმა შეშფოთება გამოთქვა კანონის გამო, რადგან მიიჩნევს, რომ იგი ეროვნული უმცირესობების წინააღმდეგაა მიმართული. ამ მიზეზით ბუდაპეშტმა ჯერ ვეტო დაადო ნატოს ერთობლივ დეკლარაციას უკრაინასთან დაკავშირებით, მოგვიანებით კი დაბლოკა ნატო-უკრაინის საბჭოს შეხვედრები.
ამის გამო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინიტრომ საპროტესტო ნოტა გადასცა უნგრეთის ელჩს უკრაინაში.