ბუდაპეშტმა ვეტო დაადო ნატო-ს წევრი ქვეყნების მუდმივმოქმედი წარმომადგენლების მიერ მომზადებულ ერთობლივ დეკლარაციას უკრაინასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ იუწყება უნგრული სააგენტო Daily News Hungary-ი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოზე დაყრდნობით.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს გაკეთდა იმის გამო, რომ დოკუმენტი არ ავალდებულებს კიევს, დაიცვას უკრაინაშ მცხოვრები უნგრელი უმცირესობის უფლებები.
პეტერ სიიარტოს განცხადებით, ბუდაპეშტმა შესთავაზა წევრ ქვეყნებს დოკუმენტში ცვლილებების შეტანა, თუმცა ის უარყოფილ იქნა.
"როგორც ჩანს უნგრელი უმცირესებების ინტერესები ნაკლებად აღელვებთ ოკეანის გადაღმა", - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დაძაბულობა კიევსა და ბუდაპეშტს შორის, უკრაინის პარლამენტის მიერ ენის შესახებ კანონის მიღებამ განაპირობა.
როგორც უნგრული მხარე აცხადებს, დოკუმენტმა მნიშვნელოვნად შეამცირა ეროვნული უმცირესობების ენებზე სწავლის შესაძლებლობა.