ნინო ბურჯანაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ანდრეი რუდენკოს შეხვდა. ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
"5 დეკემბერს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო შეხვდა პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს.
შეხვედრაზე მხარეებმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მდგომარეობასა და პერსპექტივებზე იმსჯელეს.
რუსულმა მხარემ დაადასტურა საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესი მათ შორის, ორ ქვეყანას შორის საჰაერო კავშირების აღდგენის შესაძლებლობა.
მნიშვნელოვანია, რომ თბილისმა უფრო საპასუხისმგებლო მიდგომა გამოიჩინო რუსეთთან ურთიერთობების დამყარებისთვის.
საქართველოში არსებული ვითარების განხილვისას, ხაზი გაესვა, რომ მოსკოვი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ქვეყნის შიდა საქმედ აღიქვამს.
რუსეთი ძირეულად იკავებს თავს სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისგან. ჩვენ დაინტერესებული ვართ მშვიდობითა და სტაბილურობით საქართველოსა და ამიერკავკასიის რეგიონში", - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ, ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით პარტია "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"მოგეხსენებათ რომ "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფება.
ბუნებრივია, არსებულ მძიმე ვითარებაში, ყველა შეხვედრაზე ხაზგასმული იქნა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლების საკითხი. ნინო ბურჯანაძემ, ყველა შეხვედრაზე თხოვნით მიმართა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ ვაჟა გაფრინდაშვილის სწრაფად განთავისუფლებას. ნინო ბურჯანაძე აცხადებს რომ, ძალიან იმედიანად არის განწყობილი, ვინაიდან ამ შეხვედრებზე ნათლად გამოჩნდა რუსეთის მხარის მზაობა ხელი შეუწყონ ვაჟა გაფრინდაშვილის სწრაფად განთავისუფლების პროცესს.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია რომ, საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისის ფონზე (რომელსაც რუსეთში ნათლად ხედავენ), ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი არის მხოლოდ საქართველოს საშინაო საქმე, რომელშიც რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ ჩაერევა.
შეხვედრები შედგა: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონ რუდენკოსთან, რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის (ფედერაციის საბჭოს) სენატორებთან: გრიგორი კარასინთან, ალექსეი პუშკოვთან, იგორ მოროზოვთან. ხვალ დაგეგმილია შეხვედრა ფედერაციის საბჭოს საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან კონსტანტინე კოსაჩოვთან,ასევე რუსეთის დუმის პირველ ვიცე-სპიკერთან ბატონ ალექსანდრე ჟუკოვთან და ასევე სხვა შეხვედრები აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. დეტალური განცხადებები შეხვედრებთან და ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით, გაკეთდება ვიზიტის დასრულების შემდეგ".