ამერიკის კონგრესის შემდეგ დოკუმენტური ფილმის “ბუჩამდე იყო აფხაზეთის” ჩვენება გაიმართა ავტორიტეტულ ამერიკულ ორგანიზაციაში American Enterprise Institute-ში, რომელსაც წინ უძღვოდა დისკუსია ევროპული საქართველოს თავმჯდომარესთან, გიგა ბოკერიასთან აფხაზეთში ქართველების გენოციდის, რუსეთის დანაშაულებისა და რუსული კანონის შედეგად საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, უკრაინაში განხორციელებული რუსული აგრესიისა და უკრაინელების გმირული წინააღმდეგობის შედეგად დღეს გვაქვს შანსი, რომ დასავლეთს ვაჩვენოთ ჩვენი ხედვა და რუსეთის მიერ 90-იანების დასაწყისში აფხაზეთში მოწყობილი ქართველთა გენოციდი.
მისი თქმით, აქამდე ამ ყველაფრის გატანა ძალიან რთული იყო, რადგან უპირისპირდებოდა იმ სტერეოტიპებს, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს სისუსტისა და იმის გამო, რომ დასავლეთმა ვერ დაინახა არსებული საფრთხე საბჭოთა კავშირის დანგრევის ზეიმის დროს.
„ჩვენ დღეს გვაქვს შანსი ყველას დავანახოთ, რომ რუსეთის ქმედებები მაშინ, 2008-ში, უკრაინაში, მოლდოვასა და ყველგან არის საერთო სტრატეგიის ნაწილი დასავლეთის, ცივილიზებული სამყაროს, ევროპისა და ამერიკის წინააღმდეგ.
უნდა დავაყენოთ დამნაშაავეების დასჯის საკითხი და ამავე დროს უნდა მივიტანოთ გზავნილი, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის დაცვა არამხოლოდ მორალურად სწორი და ჩვენი ინტერესია, არამედ მთლიანად დასავლური სამყაროს ინტერესს წარმოადგენს“ -აღნიშნა ბოკერიამ
მისივეთ თქმით, ჩვენ რომ დღეს ნორმალური მთავრობა გვყავდეს, ამით უნდა იყოს დაკავებული.
„ხელისუფლების ცვლილებამდეც ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რომ ჩვენი გზავნილი და ისტორია გავიტანოთ. ეს მნიშვნელოვანია მორალურად პირველ რიგში იმ ხალხისთვის, ვისზეც ამ ყველაფერმა გადაიარა და ასევე მნიშვნელოვანია იმ მძიმე სტატუსკვოს გამოსასწორებლად, რომელიც ძალით შეგვიქმნეს, როცა გენოციდს ეთნიკური კონფლიქტის იარლიყი მიეწება და რუსეთმა სრული პასუხისმგებლობა მოიხსნა.
ყველა ვინც, ამბობს, რომ შესაძლებელია რუსეთის პოლიტიკურ-სამხედრო მარცხის გარეშე რაღაც სტატუსკვოს მონახვა ან თავს იტყუებს, ან საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს ატყუებს ივანიშვილის რეჟიმის მსგავსად. ის ისტორია, რასაც ჩვენ ფილმ „ბუჩამდე იყო აფხაზეთში“ ვაჩვენებთ და უკრაინის ამბავიც ცხადჰყოფს, რომ მარცხის გარდა, ყველა სხვა შემთხვევაში სამშვიდობო მოლაპარაკებები და ზავის დადება რუსეთთან შემდგომი აგრესიისთვის გამოიყენება, რასაც კიდევ უფრო მეტი სისხლისღვრა მოაქვს“ - თქვა გიგა ბოკერიამ.
ინფორმაციას "ევროპული საქართველოს" პრესსამსახური ავრცელებს