ქართულ-შვედური ფილმი - და ჩვენ ვიცეკვეთ/And Then We Danced საქართველოს კინოთეატრებში დღეს, 8 ნოებერს გამოვა.
ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის ინფორმაციით კინოჩვენება მხოლოდ 3 დღით გაიმართება.
წარმოშობით ქართველი რეჟისორის ლევან აკინის ფილმის - და ჩვენ ვიცეკვეთ/And Then We Danced - მსოფლიო პრემიერა კანის ფესტივალზე გაიმართა, სადაც კინოკრიტიკოსთა მოწონება და მაღალი შეფასება დაიმსახურა.
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქართველი მოცეკვავის მერაბის შესახებ, რომლის ცხოვრება მას შემდეგ იცვლება, რაც თავისივე მეტოქე ბიჭი შეუყვარდება.
"ფილმის სიუჟეტი ინსპირირებულია რეალური ადამიანების ცხოვრებითა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. იგი გვიჩვენებს საქართველოს რეალობას და ისტორიას ფართო კონტექსტში. ეს არის გულწრფელი ფილმი თავისუფლების მნიშვნელობაზე", - აცხადებს ლევან აკინი.
ფილმი ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა, მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი კი საუკეთესო მსახიობად დასახელდა.
გარდა ამისა, ბოსნია და ჰერცეგოვინაში ლევან გელბახიანს გადაეცა კინოფესტივალის პრიზი „სარაევოს გული“, რომელიც 2019 წლის 16-23 აგვისტოს გაიმართა.
"და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთის სახელით ამერიკის კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოზე გაიგზავნება.
ვალიადოლიდის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ახალგაზრდა ქართველმა მსახიობმა ლევან გელბახიანმა ფილმში და ჩვენ ვიცეკვეთ/And Then We Danced მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო მიიღო. ნათქვამია კინოფესტივალის ფეისბუკგვერდზე.
ფილმი და ჩვენ ვიცეკვეთ/And Then We Danced კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი.