შვედეთის სახელით ოსკარზე And Then We Danced/და ჩვენ ვიცეკვეთ გაიგზავნება. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის ფეისბუკგვერდზე გავრცელდა.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ შვედეთმა ოსკარზე, უცხოურენოვანი ფილმების ნომინაციაზე წარსაგზავნ სამ ფილმს შორის And Then We Danced-იც შეარჩია. საბოლოო გადაწყვეტილება, თუ რომელ ფილმს გააგზავნიდა, დღეს უნდა გამხდარიყო ცნობილი.
წარმოშობით ქართველი რეჟისორის ლევან აკინის ფილმმა And Then We Danced/და ჩვენ ვიცეკვეთ კანის ფესტივალზე კინოკრიტიკოსთა მოწონება და მაღალი შეფასება დაიმსახურა.
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქართველი მოცეკვავის მერაბის შესახებ, რომლის ცხოვრება მას შემდეგ იცვლება, რაც თავისივე მეტოქე შეუყვარდება.
"ფილმის სიუჟეტი ინსპირირებულია რეალური ადამიანების ცხოვრებითა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. იგი გვიჩვენებს საქართველოს რეალობას და ისტორიას ფართო კონტექსტში. ეს არის გულწრფელი ფილმი თავისუფლების მნიშვნელობაზე", აცხადებს ლევან აკინი.
ფილმის მსოფლიო პრემიერა კანის საერთაშორისო ფესტივალზე 16 მაისს გაიმართა.
გასულ თვეს, ფილმი ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა, მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი კი საუკეთესო მსახიობად დასახელდა.