დღეს, 17 ოქტომბერს, ბრიუსელში მუშაობას დაიწყებს ევროკავშირის ორდღიანი სამიტი.
სამიტის ორი დღის განმავლობაში ფოკუსირებული იქნება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ბრექსიტი, ევროკომისიის ახალი შემადგენლობის მუშაობის გადავადება, თურქეთის მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაცია სირიის ჩრდილოეთით, ასევე ევროკავშირში ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრების საკითხები.
ბრექსიტი
ამ დრომდე ვრცდელდებოდა ინფორმაცია, რომ ბრექსიტთან დაკავშირებული ახალი შეთანხმების ტექსტი ევროკავშირის სამიტისთვის უკვე მომზადებული უნდა ყოფილიყო, რათა სამიტის ფარგლებში ემსჯელათ შეთანხმებაზე და დაემტკიცებინათ იგი.
დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის მიღწეული. თუმცა, ბრექსიტის პრობლემა ევროკავშირთან შეთანხმების მიღწევით არ მოგვარდება, რადგან კითხვა, მიიღებენ თუ არა ბრიტანელი პარლამენტარები შეთანხმების ახალ ტექსტს, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანამ ევროგაერთიანება 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს, შეთანხმებით თუ შეთანხმების გარეშე.
ევროკავშირის საკითხები
ევროკავშირის სამიტის დღის წესრიგში ასევე შედის ევროპული ინსტიტუტების შემადგენლობის შეცვლის საკითხი და ბრიუსელის პოლიტიკის პრიორიტეტები 2020-2024 წლებისთვის. კერძოდ, ევროპის საბჭოს ახლანდელმა ხელმძღვანელმა დონალდ ტუსკმა შეხვედრაზე მიიწვია ევროკომისიის არჩეული პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი, რომელსაც ახალი პრიორიტეტების წარდგენა მოუწევს.
ამასთან, მოსალოდნელია, რომ ევროპის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას კრისტინ ლაგარდის დანიშვნის შესახებ, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტად.
ამასთან, იმის გამო, რომ ევროპარლამენტში (EP) სექტემბრის ბოლოს - ოქტომბრის დასაწყისში მოსმენების დროს, უნგრეთის, რუმინეთისა და საფრანგეთის ევროკომისრობის კანდიდატურები ჩაიშალა, ხოლო ახალი კანდიდატები ჯერ არ წარდგენილან, ფონ დერ ლაიეინის კომისია მუშაობის დაწყებას 1-ელ ნოემბერს ვერ შეძლებს, როგორც ეს დაგეგმილი იყო.
ოთხშაბათს, ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა და პოლიტიკური ფრაქციების ლიდერებმა გაავრცელეს განცხადება, რომ საკანონმდებლო ორგანომ მხარი დაუჭირა ევროკომისიის ახალი შემადგენლობის მუშაობის 1-ლი დეკემბრისთვის გადადებას. შესაბამისად, ევროკავშირის სამიტის მონაწილეებს მოუწევთ გაგრძელდეს მიმდინარე კომისიის მანდატი, რომელსაც ხელმძღვანელობს ჟან-კლოდ იუნკერი, მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში.
თურქეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში
ევროკავშირის სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თურქეთის მიერ სირიის ჩრდილოეთში წარმოებულ სამხედრო ოპერაციას. მოელიან, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ანკარის წინააღმდეგ გარკვეულ სანქციებს მიიღებენ, რათა შეაჩერონ თურქეთის არმიის მოქმედებები.
14 ოქტომბერს, ევროკავშირის 28 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლუქსემბურგში გამართულ სამიტზე შეთანხმდნენ, რომ თურქეთის მიმართ სანქციები დაწესდება.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან, ანკარისთვის იარაღის მიწოდებაზე შეზღუდვის დაწესებაზე, თუმცა ეროვნულ დონეზე, რამდენიმე სახელმწიფომ [საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები] ეს შეზღუდვა უკვე დააწესა.
ამავე დროს, წევრი ქვეყნები გმობენ თურქეთის სამხედრო ოპერაციას სირიაში, რომელიც "სერიოზულად ძირს უთხრის მთელი რეგიონის სტაბილურობას და უსაფრთხოებას".
თურქეთმა, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაცია "მშვიდობის წყარო" 9 ოქტომბერს დაიწყო.
ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრების საკითხი
ევროკავშირის სამიტის დღს წესრიგში მთავარი ადგილი უჭირავს ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრების მოლაპარაკებების საკითხს.
"ორივე ქვეყანამ შეასრულა ვალდებულებები. ახლა ჩვენ უნდა შეასრულოთ ჩვენი საქმე", - განაცხადა იოჰანეს ჰანმა, ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში.
ევროკავშირში აცხადებენ, რომ გაწევრების მოლაპარაკებების დაწყება არ ნიშნავს იმას, რომ ეს ქვეყნები დაუყოვნებლივ გახდებიან ევროკავშირის წევრები, "ამას შეიძლება წლები დასჭირდეს".
ევროპული წყაროების თანახმად, საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა დაბლოკეს მოლაპარაკებების დაწყება ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრებასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფ ბლოკმა ღიად განაცხადა, რომ ორივე ქვეყანა ჯერ კიდევ არ არის მზად კონსულტაციების დასაწყებად.