ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტი რუსეთის დუმასა და ფედერაციის საბჭოს მიმართავს თხოვნით, დაეხმაროს საქართველოს საზღვრის დაცვის გაძლიერებაში. ამის შესახებ იტყობინება Interfax-ი.
ოსი „პარლამენტარები" შეახსნებენ რუსეთს, რომ მან 2015 წლის ხელშეკრულებით აიღო ვალდებულება დაიცვას თვითგამოცხადებული რესპუბლიკა და „მისი საზღვრები".
გასულ კვირას, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა გააპროტესტა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს მშენებლობა.
ჩორჩანასთან არსებული საგუშაგოს დაუყოვნებლივ აღების მოთხოვნით ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ულტიმატუმი ჯერ კიდევ 29 აგვისტოს წაუყენა ქართულ მხარეს, რომლის ვადა, 30 აგვისტოს, გამთენიის 6 საათზე გავიდა.
მიუხედავად ამ ულტიმატუმისა, ქართულმა მხარემ საგუშაგო არათუ აიღო, არამედ მისი გამაგრება გააგრძელა. ოსური მხარე ირწმუნებოდა, რომ ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი "კანონის შესაბამისად იმოქმედებდნენ".
ამასთან, 29 აგვისტოს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 95-ე შეხვედრა გაიმართა.
ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ინფორმაციით, შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი ვერ განიხილეს, რადგან ის ჩაიშალა.
30 აგვისტოს რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ "მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი სოფელ წნელისში საგუშაგოს განათავსებს".
იმავე დღეს, სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ვითარების გამწვავებაში თბილისი დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, სოფელი წნელისი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო ხაშურის რაიონის სოფელი ჩორჩანა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა მოქცეული.