სოფელ ჩორჩანაში განვითარებული მოვლენების გამო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცლებს:
"სერიოზულ შეშფოთებას გამოვთქვამთ სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვართან დაძაბულობის ესკალაციის გამო, რაც სამხრეთ ოსეთის სოფელ წნელისის მახლობლად ქართული პოლიციის საგუშაოს განთავსებით არის გამოწვეული.
ეს პროვოკაციული ქმედებები განხორციელდა იმის ფონზე, რომ თბილისი კვლავ უარყოფს ცხინვალის შეთავაზებას, დაიწყონ მოლაპარაკებები საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციაზე.
ამ პირობებში, სამხრეთ ოსეთი იძულებულია ცალმხრივად აწარმოოს სამუშაოები საზღვრის გასწვრივ, რაც მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვას ისახავს მიზნად. ეს სამხრეთ ოსეთის ისეთივე სუვერენული უფლებაა, როგორც ყველა სხვა სახელმწიფოსი.
ბოლო თვეების განმავლობაში, თბილისის განზრახ ამწვავებს დაძაბულობას საზღვარზე პროვოკაციული და პროპაგანდისტული კამპანიებით, რაც მხარდაჭერილია დასავლეთის ქვეყნების მიერ. ამან არათუ არ შეუწყო ხელი, სასაზღვრო პრობლემების გრძელვადიან მოგვარებას, არამედ კიდევ უფრო მეტად დაამძიმა ატმოსფერო რეგიონში.
მოვუწოდებთ მხარეებს, იმოქმედონ თავშეკავებით და გააგრძელონ კონსტრუქციული მსჯელობა ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ოკუპირებულ სოფელ წნელისში დასრულდა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებისა და თბილისის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა.
განხილვის მთავარი თემა ქართული მხარის მიერ სოფელ ჩორჩანასთან აგებული საგუშაგო იყო. ოსური მხარი მოითხოვს საგუშაგოს აღებას, რაზედაც ქართული მხარე კატეგორიულ უარს აცხადებს.
ჩორჩანასთან არსებული საგუშაგოს დაუყოვნებლივ აღების მოთხოვნით ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ულტიმატუმი ჯერ კიდევ გუშინ, 29 აგვისტოს წაუყენა ქართულ მხარეს, რომლის ვადა, დღეს, 30 აგვისტოს, გამთენიის 6 საათზე გავიდა.
მიუხედავად ამ ულტიმატუმისა, ქართულმა მხარემ საგუშაგო არათუ აიღო, არამედ მის გამაგრებას აგრძელებს. ოსური მხარე ირწმუნებოდა, რომ ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი "კანონის შესაბამისად იმოქმედებდნენ".
ამასთან, გუშინ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 95-ე შეხვედრა გაიმართა.
ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ინფორმაციით, შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი ვერ განიხილეს, რადგან ის ჩაიშალა.
შეგახსენებთ, სოფელი წნელისი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო ხაშურის რაიონის სოფელი ჩორჩანა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა მოქცეული.