ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ სოფელ წნელისში ოსური მხარე საგუშაგოებს განათავსებს.
"ტექნიკური შეხვედრა დასრულდა, სადაც შეთანხმებისთვის ჯერ კიდევ არ მიუღწევიათ. უახლოეს დღეებში მოლაპარაკებები გაგრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს დაევალა საგუშაგოს განთავსება, რათა მოსახლეობამ თავი დაცულად იგრძნოს", - განაცხადა ბიბილოვმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში.
ცოტა ხნის წინ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ოკუპირებულ სოფელ წნელისში დასრულდა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებისა და თბილისის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა.
განხილვის მთავარი თემა ქართული მხარის მიერ სოფელ ჩორჩანასთან აგებული საგუშაგო იყო. ოსური მხარი მოითხოვს საგუშაგოს აღებას, რაზედაც ქართული მხარე კატეგორიულ უარს აცხადებს.
ჩორჩანასთან არსებული საგუშაგოს დაუყოვნებლივ აღების მოთხოვნით ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ულტიმატუმი ჯერ კიდევ გუშინ, 29 აგვისტოს წაუყენა ქართულ მხარეს, რომლის ვადა, დღეს, 30 აგვისტოს, გამთენიის 6 საათზე გავიდა.
მიუხედავად ამ ულტიმატუმისა, ქართულმა მხარემ საგუშაგო არათუ აიღო, არამედ მის გამაგრებას აგრძელებს. ოსური მხარე ირწმუნებოდა, რომ ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი "კანონის შესაბამისად იმოქმედებდნენ".
ამასთან, გუშინ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 95-ე შეხვედრა გაიმართა.
ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ინფორმაციით, შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი ვერ განიხილეს, რადგან ის ჩაიშალა.
შეგახსენებთ, სოფელი წნელისი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო ხაშურის რაიონის სოფელი ჩორჩანა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა მოქცეული.