ხანტი-მანსიისკში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადის მე-5 ტური ქართული გუნდებისთვის წარმატებული გამოდგა. კაცთა ნაკრებმა ვიეტნამს 3.5:0.5 მოუგო და პირველ ადგილზე გადაინაცვლა, ქალებმა კი აზერბაიჯანი 4:0 დაამარცხეს და მე-5 საფეხურზე დამკვიდრდნენ.
საქართველოსა და ვიეტნამის კაცთა გუნდებს შორის რეიტინგში არც თუ დიდი სხვაობა (მე-20 და 27-ე) გახლდათ, თუმცა, ქართველებმა მეტოქეს დიდი ანგარიშით სძლიეს. შავი ფიგურებით მოთამაშე მიხეილ მჭედლიშვილი დუნგ ნგუიენ ანის უკვე მე-12 სვლაზე დაუზავდა, ბაადურ ჯობავამ, მერაბ გაგუნაშვილმა და ლევან ფანცულაიამ კი საკუთარი პარტიები მოიგეს და ზედიზედ მე-5 გამარჯვებაც მოიპოვეს.
ქართველთა მსგავსად მაქსიმალური შედეგი - 10 ქულა უნგრეთსა და სომხეთს გააჩნიათ, თუმცა, საქართველოს ნაკრები მათ დამატებითი მაჩვენებლებით სჯობს. დღეს, 27 სექტემბერს, მე-6 ტურის ცენტრალური შეხვედრა საქართველოსა და სომხეთს შორის შედგება და ქართველები პირველ და მესამე დაფებზე თეთრი ფიგურებით ითამაშებენ.
მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა საქართველოს ქალთა ნაკრებმაც, რომელმაც აზერბაიჯანს ოთხივე პარტია მოუგო. თავის გამოჩენა ნანა ძაგნიძემ, ლელა ჯავახიშვილმა, სალომე მელიამა და სოფიკო ხუხაშვილმა მოახერხეს. ქალთა გუნდს, რომელიც მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონია, კიდევ თერთმეტი ნაკრების მსგავსად, 10 ქულა მოუგროვდა, თუმცა, დამატებითი მაჩვენებლები ყველა მათგანზე უკეთესი აქვს და მე-5 პოზიციაზეა.
10-10 ქულით პირველ-მეორე ადგილებზე უკრაინისა და რუსეთის 1-ლი გუნდები არიან, აშშ-სა და უნგრეთს კი 9-9 ქულა გააჩნიათ. მე-6 ტურში ლიდერები ერთმანეთს შეხვდებიან, საქართველო კი თეთრი ფიგურებით აშშ-ს დაუპირისპირდება.