დღეს, 12 ნოემბერს, 18:00 სთ-ზე თბილისის ისტორიის მუზეუმში ეწყობა საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და თბილისის საკრებულოს ერთობლივი პროექტის "უძველესი თბილისი" პრეზენტაცია.
დედაქალაქის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი პროექტის პრეზენტაცია თბილისის ტერიტორიაზე გამოვლენილი არქეოლოგიური ექსპონატების გამოფენის ფონზე ჩაივლის.
პროექტი "უძველესი თბილისი" არის სამეცნიერო-კვლევითი პროგრამა, რომელიც თბილისის არქეოლოგიურ ძეგლთა აღნუსხვას, მონაცემთა ბაზის შექმნასა და არქეოლოგიური მუზეუმ-საცავის ინფრასტრუქტურის გამართვას ითვალისწინებს.
დღესდღეობით არსებობს ორი თბილისი: ძველი და ახალი თბილისი. თუმცა რეალურად არსებობს მესამე, უძველესი თბილისიც, იგივე მიწისქვეშა თბილისი. ანუ ქალაქის ის ნაწილი, რომელიც მისი ისტორიის ყველაზე ადრეულ ეტაპებს მოიცავს და რომლის წარმოჩენაც უდიდეს პოპულარობას მოუტანს ჩვენს დედაქალაქს, როგორც ეკონომიკური, ტურისტული, ასევე სამეცნიერო თუ საგანმანათლებლო კუთხით.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია არაერთი უნიკალური ნივთი. მათ შორის განსაკუთრებუთ უნდა აღინიშნოს ვერცხლით ინკრუსტირებული ბრინჯაოს აბზინდა ცხენზე ამხედრებული მამაკაცის გამოსახულებით. ეს ნივთი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, როგორც მისი მაღალმხატვრული ღირებულებით, ასევე იმითაც, რომ კავკასიაში მხედრის უადრეს გამოსახულებას წარმოადგენს და მიუთითებს კავალერიის არსებობაზე უკვე ჩვ. წ-მდე XIII საუკუნეში. ცხენის ფიგურაზე ვხვდებით საქართველოში უადრეს მინანქრის ფრაგმენტს.
უმნიშვნელოვანესია თრელის სამაროვანის სამარხში აღმოჩენილი ფოლადის დანა, რომელიც მანიშნებელია იმ ფაქტის, რომ თბილისის ტერიტორიაზე რკინის მეტალურგია და ფოლადის წრთობა უკვე ესოდენ ადრეულ ხანაში იყო ცნობილი.