საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან 26 მაისის საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის წევრებმა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებულ საკითხები განიხილეს.
ერთ-ერთი აქტივისტის, გიორგი ჭანტურიას თქმით, დღე იქნება სახალხო.
"საკმაოდ დიდი ხანია, ვემზადებით 26 მაისისთვის, რომელიც უმნიშვნელოვანესი დღეა საქართველოს ისტორიაში. გვინდა, რომ დამოუკიდებლობის დღე საკადრისად აღვნიშნოთ. დღეს გვქონდა ერთ-ერთი ბოლო საკოორდინაციო შეხვედრა, სადაც გავიარეთ ბოლო საკითხები ამ დღის საორგანიზაციო თემატიკასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გვინდა მოვუწოდოთ საზოგადოებას, რომ შემოგვიერთდეს. ეს დღე იქნება სახალხო, ერთიანი, დატვირთული იქნება შემეცნებითი და საგანმანათლებლო თემატიკით, ამიტომ მთელ საზოგადოებას გვინდა, რომ ეს დღეს აღვნიშნოთ". - განაცხადა ბრიფინგზე გიორგი ჭანტურია.
„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, სხვადასხვა დროსა და ადგილას მარშებია დაგეგმილი, კულმინაცია კი, 19:00 საათზე იქნება, როცა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით სალომე ზურაბიშვილი მიმართავს.
"26 მაისის ჩვენი მხრიდან გაკეთებული ღონისძიების სულისკვეთება იქნება ის, რომ ჩვენ გაცილებით მეტი გვაერთიანებს, ვიდრე გვყოფს, ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობა და რომ ეს დამოუკიდებლობა დგას საფრთხის ქვეშ რუსეთთან პირისპირ მარტო დარჩენით.
დაახლოებით, 15:00-16:00 საათიდან იწყება სხვადასხვა მარში, ძალიან დეცენტრალიზებული პროტესტია, მომწონს ძალიან, რომ ყველა ჯგუფი თავის პროგრამას აკეთებს და მთელ რუსთაველზე იქნება გაშლილი, რუსთაველის თეატრიდან "მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემდე". კულმინაცია იქნება 19:00 საათზე, როცა საქართველოს პრეზიდენტი მიმართავს შეკრებილებს. ყველაფერი ხაზგასმით მშვიდობიანი, მეგობრულია ყველას მიმართ, ვისთვისაც საქართველოს დამოუკიდებლობა ძვირფასია და მტრული მათ მიმართ, ვისთვისაც არ არის ძვირფასი",- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.