2 დღის წინ, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, ქოჩალოს ეკლესიის გაწმენდითი სამუშაოების შედეგად უმნიშვნელოვანესი ქართული წარწერა გამოვლინდა. ასომთავრული ტექსტი X საუკუნის ბოლოსაა შესრულებული და ეკლესიისთვის მიწების შეწირვის შესახებ ჰყვება.
წარწერაში ჰერეთის მეფე ადარნასე და დედოფალი დინარია ხსენებული. დღემდე მხოლოდ ნარატიულ იწყაროებით ცნობილი მეფე-დედოფალის მოხსენიების გარდა, უნიკალური აღმოჩენის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარწერაში აღნიშნული საქართველოს ისტორიისთვის ამ დრომდე უცნობი რამდენიმე მმართველის სახელი და ისტორიული ჰერეთის უცნობი ტოპონიმი განსაზღვრავს.
ახლადგამოვლენილი ეპიგრაფიული ნიმუში გუშინ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კვლევის სამსახურის ხელმძღვანელმა - გიორგი გაგოშიძემ შეისწავლა.
წარწერის სრულყოფილი პალეოგრაფიული შესწავლა სააგენტოში მომდევნო კვირაში გაგრძელდება და ანგარიშის სახით გამოქვეყნდება. საეკლესიო წარწერის სამეცნიერო კვლევის მიზნით სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი ლაგოდეხს უახლოეს დღეებში კიდევ ეწვევა, სადაც ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე წინასარეაბილიტაციო მოსამზადებელი ეტაპის გაწმენდით პროცესს ფონდი „ლაგოდეხის ქომაგი" ადგილობრივი მცხოვრებლების შემოწირულობებისა და მოხალისეთა ენთუზიაზმის საფუძველზე ახორციელებს.
სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და ზედამხედველობის ქვეშ, არქეოლოგ - დავით ყვავაძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს.
ქოჩალოს ეკლესია VI-VII საუკუნეებს განეკუთვნება და ორნავიან არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენს. ახლადგამოვლენილი წარწერის მიხედვით, მე - 10 საუკუნის ბოლოსთვის ის მონასტერი უნდა ყოფილიყო.
1614-1617 წწ. კახეთში სპარსეთის შაჰის - აბას I ლაშქრობების შემდეგ ლაგოდეხი გაუდაბურდა, რამაც ისტორიული მეხსიერების გაქრობაც განაპირობა. სავარაუდოდ, ქოჩალოს ეკლესია ამ პერიოდიდანაა განადგურებული და უმოქმედო. ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლის კატეგორია ეკლესიას 2006 წლიდან აქვს მინიჭებული.