დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამართული პანელური დისკუსიის დროს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის მიერ მის წინააღმდეგ ომის დასრულების მოლაპარაკებების პროცესის პირდაპირი მონაწილეა და ამ პროცესში რეალური პროგრესია, თუმცა მოახლოებულ მშვიდობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
„ჩვენ წინ მივდივართ. ვერ ვიტყვი, რომ ხვალ აუცილებლად გვექნება მშვიდობა - თუ ვინმე ამას გვპირდება, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მაგრამ ჩვენ დიდ ძალისხმევას ვდებთ მიზნის მისაღწევად“, - განაცხადა ბუდანოვმა.
მისი თქმით, როგორც უკრაინული მხარე, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობენ ომის დასრულების გზების პოვნას.
„მოსწონს ეს ზოგს თუ არა, მოძრაობა არის და ეს რეალურია. ჩვენ ნამდვილად მივაღწიეთ პროგრესს“, - თქვა მან.
ამავდროულად მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების წარმატება დიდწილად რუსეთის ფედერაციის პოზიციაზე იქნება დამოკიდებული.
„თქვენ ხომ გესმით, ვისთან გვაქვს საქმე“, - დასძინა მან.
ბუდანოვმა აღნიშნა, რომ უკრაინა ისედაც უშუალოდ არის ჩართული მოლაპარაკებების პროცესში და ამიტომ არასწორია იმის თქმა, რომ „უკრაინას უნდა ჰქონდეს ადგილი მოლაპარაკებების მაგიდასთან“.
„ჩვენ მოლაპარაკების პროცესში ვართ, სწორად გაიგეთ ეს. ეს პროცესი, მადლობა ღმერთს, ჩვენს გარეშე არ მიმდინარეობს“, - თქვა მან.
ბუდანოვმა ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ს, ევროპის ქვეყნებსა და კანადას უკრაინისადმი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ეს დღესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ამავდროულად, მან დასძინა, რომ შიდა დაპირისპირება ამ პროცესებს არ დაეხმარება.
მისი თქმით, უკრაინას სჭირდება სამართლიანი მშვიდობა, უსაფრთხოების გარანტიები და აღდგენის მკაფიო გეგმა.
„ჩვენ გავაერთიანებთ ჩვენს ძალისხმევას, მობილიზებას მოვახდენთ და ბოლომდე მივიყვანთ ამას. ჩვენ სამართლიანი მშვიდობა გვჭირდება, დიახ. ჩვენ უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება გეგმა რეკონსტრუქციისთვის, უკრაინის აღდგენისთვის. თუმცა, შიდა დაპირისპირება არ დაგვეხმარება“, - თქვა ბუდანოვმა.