აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და შეზღუდვები დაუწესა იმ პირებს, რომლებიც ირანის ნავთობის საზღვარგარეთ გატანის ორგანიზებაში მონაწილეობენ.
ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.
სანქციების სიაში ირანის ოთხი მოქალაქე მოხვდა. მათ შორის არიან მოჰამად ჯავად ბავანდი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დაზვერვის ყოფილი ოფიცერი და მაჯიდ ტაჯი, ირანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, მეჰდი ტაჯის ძმა.
უწყების ცნობით, ისინი უკანონო გზით გაყიდული ნავთობიდან მიღებულ თანხებს აგროვებდნენ, შემოსავლის ნაწილს პირადი მიზნებისთვის იტოვებდნენ და ამასთანავე, ირანის რეჟიმის სამხედრო და რეგიონული საქმიანობის დაფინანსებას უწყობდნენ ხელს.
სანქციები ასევე დაუწესდა მოჰამადჰოსეინ სერვატის, IRGC-ის ბრიგადის გენერლის შვილს. მას ხელმძღვანელი თანამდებობები ეკავა ფიქტიურ კომპანიებში, რომლებიც შუამავლის ფუნქციას ასრულებდნენ და ჩინეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისთვის განკუთვნილ ირანულ ნავთობს იღებდნენ.
შეზღუდვები შეეხო ასევე მოჯთაბა არაბნეჯადს, სანქცირებული ბიზნესმენისა და ირანული ავიაკომპანია Mahan Air-ის გენერალური დირექტორის, ჰამიდ არაბნეჯადის შვილს.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, მოჯთაბა ოჯახური კავშირებისა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან არსებული განსაკუთრებული ურთიერთობების გამოყენებით, Mahan Air-ისთვის საავიაციო სათადარიგო ნაწილების შესყიდვასა და ირანის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის მიწოდებაში მონაწილეობდა. ამ საქმიანობას სასოფლო-სამეურნეო კომპანიების საფარქვეშ ახორციელებდა.
სანქციების სიაში შეყვანილი სხვა პირების მსგავსად, მოჯთაბა ირანის რეჟიმის სახელით ნავთობის გაყიდვასაც ხელმძღვანელობდა. მიღებული შემოსავალი კი მამის კუთვნილი ავიაკომპანიის მხარდაჭერას ხმარდებოდა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 1-ელი იანვრის შემდეგ ირანთან კონფლიქტში განვითარებულ მოვლენებს დააკვირდებიან და „ნახავენ, რა მოხდება“.