"დიდი ოცეულის" (G20) სამიტის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
ეს იქნება ორი ქვეყნის ლიდერის პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ოფიციალურად დასდო ბრალი რუსეთის სპეცსამსახურის ყოფილი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის იულია სკრიპალის მოწამვლის საქმეში.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ეს შეხვედრა არ ნიშნავს, რომ ქვეყნებს შორის "ურთიერთობები ნორმალიზდა".
"ურთიერთობების ნორმალიზება მოხდება მაშინ, თუ რუსეთი შეწყვეტს ისეთ ქმედებებს, რომელიც ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგსა და კოლექტიურ უსაფრთხოებას", - დასძინა მან.
მეისა და პუტინის შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა ასევე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა.
"ლიდერები ისაუბრებენ სხვადასხვა მგრძნობიარე საკითხებზე, რომელიც დაგროვდა დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობაში. თუ შეხვედრისას ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზების ტენდენციები გამოიკვეთა, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით", - განაცხადა უშაკოვმა.
"დიდი ოცეულის" სამიტი 2019 წელს იაპონიაში, კერძოდ კი ქალაქი ოსაკაში 28-29 ივნისს გაიმართება.
მოკლედ სკრიპალების მოწამვლის საქმეზე
რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობა დიდ ბრიტანეთში, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2018 წლის 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში. თავდასხმის შედეგად ასევე მოიწამლა მოსკოვიდან მამასთან სტუმრად ჩასული იულია სკრიპალი და დაზიანება მიიღო სულ მცირე 21-მა ადამიანმა.
ბრიტანელი სამართალდამცავების მიერ გამოძიება მკვლელობის მიზნით თავდასხმის კვალიფიკაციით მიმდინარეობს.
14 მარტს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ მომხდარში ოფიციალურად ბრალი დასდო რუსეთის სახელმწიფოს და რუსეთის 23 დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. წინასწარი ინფორმაციით თავდასხმა განხორციელდა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ საიდუმლო ზემძლავრი ნერვული აგენტის "ნოვიჩოკის" გამოყენებით.
ამავე თემაზე
შემაძრწუნებელი "Новичок" ნისლიან ალბიონზე