„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი იციკ მოშე ფეისბუქის პირად გვერდზე ისრაელში საქართველოს მოქალაქეთა არალეგალურად ყოფნისა და მათ იქ კანონიერად დასაქმების საკითხზე საკუთარი პოზიციის შესახებ. სააგენტო იციკ მოშეს პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ისრაელის სახლი“ ისრაელში საქართველოს მოქალაქეთა არალეგალურ ყოფნასა და კიდევ რამდენიმე პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით (ისრაელში საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი დასაქმება, სუროგატული ბავშვების შეყვანა) მიმართავს ორივე ქვეყნის მთავრობებს, საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების მონაწილეობით, დაუყოვნებლივ შეისწავლონ აღნიშნული საკითხები, მის კანონიერ და ცივილიზებულ ფარგლებში დროულად მოსაქცევად. ვფიქრობთ, აღნიშნული პრობლემები აქამდე უნდა წამოეწიათ ორივე ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლობებს, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა.
„ისრაელის სახლი“ შიშობს, რომ ე. წ. „26 საუკუნოვან“ უადგილო ტერმინოლოგიას, ორმხრივ საეჭვო შუამავლებს და ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში ატეხილ ანტისემიტურ ისტერიას დიდი ზიანის მიყენება შეუძლია ორი მეგობარი ქვეყნის პირდაპირი სახელმწიფოებრივი კავშირის პერსპექტივისთვის, ეს მაშინ, როცა ქართულ-ებრაულ ურთიერთობებთან დაკავშირებულმა გაცვეთილმა ფრაზეოლოგიამ საქართველო-ისრაელის კავშირები ისედაც ილუზორული გახადა. მიგვაჩნია, რომ ორი ხალხის ურთიერთობა ისტორიული კაპიტალია და მას კიდევ უფრო მეტი ფასი ექნება, თუ სახელმწიფოებრივი ხიდების მშენებლობისთვის გამოვიყენებთ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გამოიკვეთება და გადაიკვეთება ორი ქვეყნის ინტერესები, არსებული პრობლემები კი გადაიჭრება კანონის ფარგლებში. და თუ ეს ვერ მოხერხდება, დავკარგავთ კიდევ ერთ, მომავალ 30 წელს“, _ წერს იციკ მოშე.