გურიაში, ახალი ტურისტული პროექტის „ჩაის გზა” განხორციელება დაიწყო, რომლის მთავარი მიზანიც რეგიონში აგროტურიზმის განვითარება. ამ ეტაპზე პროექტი ,,ჩაის გზა“ ოთხ ლოკაციას მოიცავს.
ბახვის ტერიტორიულ ერთეულში მეწარმე დავით თენიეშვილის საოჯახო საწარმოსთან, ასევე პროექტ "ჩაის გზის“ სხვა მონაწილეებთან - სოფელ შემოქმედში ლიკა მეგრელაძის საოჯახო მეურნეობასთან, ანასეულის ექსპერიმენტალური ჩაის ფაბრიკასა და გურიანთაში Natural Tea Company-ის საწარმოსთან მისასვლელად გზებზე „ჩაის გზის“ პირველი მანიშნებლები უკვე დამონტაჟებულია.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში იმედი აქვთ, რომ „ჩაის გზა“ საკმაოდ წარმატებული ტურისტული პროდუქტი გახდება და მისდამი ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება. დაინტერესებული ტურისტები ჩაერთვებიან ჩაის კრეფვის მეურნეობაში, გადამუშავებისა და დეგუსტაცია-დაგემოვნების პროცესში.
პროექტ „ჩაის გზის“ ბენეფიციართა შერჩევა გაგრძელდება და წლის ბოლოს პროექტის არსებულ მონაწილეებს სხვა საწარმოები დაემატებიან.
„წლიდან წლამდე ვხედავთ, რომ გურიის მიმართულებით ტურისტების სტატისტიკა მზარდია. გურიაში რამდენიმე ტურისტულად გამოკვეთილი პროდუქტი გვაქვს და მათ შორისაა „ჩაის გზა“, რომლის აქტიურ პოზიციონირებასაც დღეიდან ვიწყებთ“, აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
პროექტის ერთ-ერთი ბენეფიციარის, სოფელ შემოქმედში მდებარე, ლიკა მეგრელაძის საოჯახო მეურნეობაში აცხადებენ, რომ ქართული ჩაისადმი ინტერესი დიდია და რომ არც ტურისტების სიმცირეს უჩივიან.
„საქართველო ჩაის წარმოებით ოდითგანვე ცნობილი იყო. გურიაში დღესაც შემორჩენილია ძველი პლანტაციები. ამ დარგში დასაქმებული წლებია ვარ, თუმცა ორი წლის უკან ოჯახმა ჩვენი საქმიანობა ბიზნესად ვაქციეთ და სტუმრების მიღება დავიწყეთ. სტუმრებს ძირითადად Airbnb-ის მეშვეობით ვიღებთ”, აცხადებს ლიკა მეგრელაძე.
მისი საოჯახო მეურნეობა Airbnb-ზე საოჯახო სასტუმრო „კომლით“ პოზიციონირებს და ამ დროისათვის სასტუმროში ივნისი და ივლისი მთლიანად დაჯავშნილია.
როგორც საოჯახო მეურნეობის მფლობელი აცხადებს, ტურისტები ძირითადად ევროპიდან ყავს.
„ტურისტების 90%-ს ევროპიდან ვიღებთ. სტუმრები ჩამოდიან გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, საფრანგეთიდან. ევროპელების გარდა, გასულ წელს სტუმრები მყავდა ჩინეთიდან, ტაილანდიდან და ავსტრალიიდან. უახლოეს დღეებში ველოდები ასევე სტუმრებს აშშ-დან“, აცხადებს ლიკა მეგრელაძე.
აღსანიშნავია, რომ ტურისტული პროექტის "ჩაის გზის" სტუმრების უმეტესი ნაწილი საქართველოში ქუთაისში ჩამოდის და ავიაკომპანია Wizz Air-ის მგზავრია.
ლიკა მეგრელაძის საოჯახო მეურნეობაში მისულ სტუმრებს, მართლაც რომ გემრიელი ჩაი და გურული სამზარეულოს კერძები ელოდებათ. გარდა დეგუსტაციისა სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ თავად მიიღონ ჩაის გადამუშავებაში მონაწილეობა.
„როდესაც ტურისტები მოდიან, სურვილის შემთხვევაში მიმყავს ჩაის ბუჩქებთან, სადაც თავისი ხელით კრეფენ ჩაის. ამის შემდეგი ეტაპია ჩაის ორთოდოქსული მეთოდით დამუშავება.
თუ კი ტურისტი რამდენიმე დღეს რჩება, ის ასწრებს თავისივე მოკრეფილი ჩაის დაგემოვნებას“, განმარტავს ლიკა მეგრელაძე.
საოჯახო სახლი „კომლში“ ამ დროისათვის ორი სასტუმრო ნომერია, სადაც საერთო ჯამში 6 სტუმრის მიღებაა შესაძლებელი.
სასტუმრო ნომრის ღირებულება საშუალოდ 60 ლარს შეადგენს, ხოლო აგროგამოცდილების მიღება, რაც დამატებითი სერვისია, კაცზე 50 ლარი ღირს.
სტუმრები საოჯახო სახლს ძირითადად ოჯახებით სტუმრობენ და საშუალოდ 6-7 დღე რჩებიან.