ვენეციის კომისიის მდივანი ტომას მარკერტი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ბევრი კრიტიკული მოსაზრება, რაც მოისმინეს, ვენეციის დასკვნაში იქნება ასახული. იგი იმედოვნებს, რომ პარლამენტი საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნის შემუშავებამდე არ მიიღებს. ამის შესახებ განცხადება მარკერტმა პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც ვენეციის კომისიის დელეგაციის ორდღიანი სამუშაო ვიზიტი შეაჯამა.
მარკერტმა აღნიშნა, რომ ორი დღის განმავლობაში შეხვდა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორს და ექსპერტებს.
"დაწვრილებით მოვისმინე თითოეული მათგანის არგუმენტები და ბევრი კრიტიკული მოსაზრება აისახება ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაში. საერთო ჯამში, ვენეციის კომისია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს დადებითად აფასებს. პრაქტიკულად მთლიანობაში არის წინ გადადგმული ნაბიჯი. 2004 წელს, როდესაც მოხდა კონსტიტუციის პირველი შესწორება, ვენეციის კომისიას ჰქონდა ძალიან კრიტიკული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტის ხელში ბევრი უფლების კონცენტრირება მოხდა. ახლა მივესალმებით იმ ფაქტს, რომ შემოთავაზებული ცვლილებები პრეზიდენტის უფლებებს ამცირებს", - აცხადებს მარკერტი და დასძენს, რომ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ქვეყანა გადავიდეს ევროპული ქვეყნების მსგავსად წმინდა საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე.
მისი თქმით, შერეული მოდელი ძლიერი პრემიერის პირობებში არის ქვეყნისთვის მისაღები. თუმცა დღევანდელ პროექტში პრობლემას ქმნის პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთიმიმართება და ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, მოხდეს პრემიერისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის გადახედვა.
რაც შეეხება პარლამენტის უფლებებს, ვენეციის კომისიის მდივანი აღნიშნავს, რომ პარლამენტის უფლებები ფაქტობრივად რჩება იგივე და ძლიერდება მხოლოდ მთავრობის დაკომპლექტების მომენტში. იგი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი დახვეწას საჭიროებს.
რაც შეეხება ოპოზიციის ინიციატივას, რომ მოქმედ პრეზიდენტს 5 წლის ვადით პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების უფლება არ ჰქონოდა, ვენეციის კომისიის მდივანი აცხადებს, რომ მსგავს ნორმას არც ერთი ნორმალური კონსტიტუცია არ იცნობს და ამის ჩაწერასთან დაკავშირებით მათ ვერ ექნებოდათ რეკომენდაცია, თუმცა ვენეციის კომისია არც ამ ჩანაწერის წინააღმდეგი წასულა, ქართული რეალობის გათვალისწინებით. როგორც იგი აღნიშნავს, კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილიყო ქვეყნის რეალობის გათვალისწინებით, პოლიტიკურ ძალთა შეთანხმებით და გადაწყვეტილება საზოგადოებას მიეღო.
ვენეციის კომისია საბოლოო დასკვნას 15-16 ოქტომბერს ვენეციის კომისიის შემაჯამებელი სხდომის შემდეგ გამოაქვეყნებს. მარკერტი აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის არსებობს პირველადი დასკვნა, რომელიც კომისიის ვებგვერდზე არის განთავსებული ინგლისურ და ქართულ ენაზე, თუმცა ეს არ არის ოფიციალური დასკვნა და შესაბამისად ამ დასკვნაში მოხდება გარკვეული კორექტირების შეტანა.