საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსი ოკუპანტების მიერ მეთევზეების დაკავებას "რუსეთის უკიდურესად სახიფათო და ბინძური პროვოკაციების გაგრძელებად" აფასებს.
"გრძელდება რუსეთის უკიდურესად სახიფათო და ბინძური პროვოკაციების ჯაჭვი, რომლებმაც ადამიანებზე ნადირობის გამოკვეთილი ფორმა მიიღო.
კრემლი არ ერიდება ამგვარი მეთოდების გამოყენებას, რათა უკიდურესად დაძაბოს სიტუაცია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე და შექმნას ყველა წინაპირობა კონფლიქტის ცხელ ფაზაში გადაყვანის მიზნით", - ნათქვამია ვაშაძის უწყების განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს მკაცრ პროტესტს რუსეთის საოკუპაციო ჯარების ქმედებათა გამო და მოითხოვს გატაცებულ საქართველოს მოქალაქეთა დაუყოვნებლივ დაბრუნებას.
სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, მომხდარს ადეკვატური შეფასება მისცეს და მიიღოს სათანადო ზომები რუსეთის იმ დანაშაულებრივი ქმედებების აღსაკვეთად, რომლებიც კრემლის აგრესიული გეგმების ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 10 ნოემბერს, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, კერძოდ ანაკლიის მიდამოებში, თევზის რეწვის დროს, რუსეთის საოკუპაციო ჯარების წარმომადგენლებმა საქართველოს ხუთი მოქალაქე გაიტაცეს. მათ ბრალი უკანონო თევზჭერისთვის წაუყენეს.