ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ არ დააკმაყოფილა საგარეო საქმეთა მინისტრის, მოჰამედ ჯავად ზარიფის განცხადება გადადგომის შესახებ. როგორც ირანული მედია იტყობინება, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება ირანის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მიიღო.
"როგორც ირანის უზენასი ლიდერი [აიათოლა ალი ხამენეი] ბრძანებს, თქვენ ხართ ერთგული, მამაცი და რელიგიური ადამიანი, რომელიც დიდ წინააღმდეგობას უწევს აშშ-ის მასშტაბურ ზეწოლას. მიმაჩნია, რომ თქვენი განცხადების დაკმაყოფილება საფრთხეს უქმნის ირანის ეროვნულ ინტერესებს და ამიტომაც უარვყოფ მას“, - წერია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA ავრცელებს.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი ბედნიერი იქნება იხილოს თუ როგორ მოახდენს საგარეო საქმეთა მინისტრი თავისი წარმატებული საქმიანობის დემონსტრირებას ქვეყნის მტრების, განსაკუთრებით კი ისრაელის წინაშე.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავად ზარიფმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.