საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ეროვნულილ ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ 14 თებერვალს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა მოითხოვა. ამისთვის კი თიბისი ბანკის აქციონერთა კრებას 2-თვიან ვადა დაუწესა.
ეროვნული ბანკის ცნობით, მისი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებია, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება.
თიბისი ბანკი გამოეხმაურა ეროვნული ბანკის განცხადებას და განაცხადა, რომ ის გააგრძელებს აღნიშნულ თემაზე სასამართლო დავას და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.
21 თებერვალს, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ის ტოვებს თიბისი ბანკს. „იმედია, ეს გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს ბანკის მომავალ სტაბილურ და მშვიდ გარემოში განვითარებაზე, მე კი მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს - ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი. იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა“, - განაცხადა ხაზარაძემ. ბანკის სამეთვალყურეო საბჭო დატოვა კიდევ ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემაც. იმავე დღეს განცხადება გაავრცელა „თიბისი ბანკმა“ და ასევე გავრცელდა თიბისი ბანკისა და ეროვნულილ ბანკის ერთობლივი განცხადება.
შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო ,,თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები.