„სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ადმინისტრაცია ეხმაურება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებასა და ფოტო მასალას, სადაც პაციენტის კიდურების დაზიანებებია აღბეჭდილი.
"მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის ძირითადი დაავადების მართვისას გართულებებს ადგილი არ ქონია, ჩვენი მხრივ, სრულად ვიზიარებთ აღნიშნული პაციენტის ოჯახის წევრებისა და საზოგადოების აღშფოთებას და ვაცხადებთ, რომ აღნიშნულ ფაქტზე პასუხისმგებელი ყველა პირის (მათ შორის, შესაბამისი განყოფილების ყველა ექიმისა და ექთნის, რომელთაც პაციენტზე ზრუნვა და ზედამხედველობა ევალებოდა) მიმართ ტარდება ძალიან მკაცრი დისციპლინური ზომები.
აღსანიშნავია, რომ პაციენტის რიგი ფსიქო-მოტორული მდგომარეობისას, თვითდაზიანებების რისკის შესამცირებლად საერთაშორისო პრაქტიკით მიღებულია კიდურების იმობილიზაცია (კიდურების დაფიქსირება), თუმცა, ამ პროცესში საჭირო იყო მედპერსონალის მხრიდან მეტი სიფრთხილისა და პასუხისმგებლობის გამოჩენა. ასევე, აღვნიშნავთ, რომ ქრონიკული კარდიოლოგიური პაციენტების მართვისას გამოიყენება რიგი მედიკამენტები, რომელთა ინფუზიისას ხდება სისხლძარღვოვანი ანთებები, რაც ვიზუალურად მძიმე შესახედია.
„სამედიცინო კორპორაცია ევექსისთვის“ უმნიშვნელოვანესია პაციენტის უსაფრთხოება და კმაყოფილება. წუხილს გამოვთქვამთ აღნიშნული ფაქტის გამო და მზად ვართ, სრული პასუხისმგებლობა ავიღოთ პაციენტის ყველა სამედიცინო საჭიროების დაკმაყოფილებაზე", - ნათქვამია განცხადებაში.