„ჩვენ დავინახეთ ძალიან ორკესტრირებული შეტევა თიბისი ბანკის და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს უსმენენ. სხდომაზე იმყოფებიან თიბისი ბანკის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
„ჩვენ დავინახეთ ძალიან ორკესტრირებული შეტევა თიბისი ბანკის და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ. შეტევა, რომელიც დაიწყო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური განცხადებებით. შემდეგ ამ პოლიტიკურ განცხადებებს მოჰყვა მთელი სახელმწიფო მანქანის ამუშავება და მთელი სახელმწიფო მანქანა, ეროვნულ ბანკი, მთავრობა, ფინანსური მონიტორინგის სამსახური, პროკურატურა, ყველა კოორდინირებულად ჩაერთო ამ საქმეში ხაზარაძის და თიბისის წინააღმდეგ. დამატებით ეჭვებს აღძრავს ისიც, თუ რის საფუძველზე იქნა არჩეული 11 წლის წინანდელი ერთი კონკრეტული ოპერაცია, მაშინ როდესაც დღეს გარშემო მიმდინარე უკანონობაზე სახელმწიფო არანაირ რეაგირებას არ ახდენს. დამატებით ეჭვებს აღძრავს ასევე კონკრეტული მოთამაშეების, მაგალითად პროკურატურის და ეროვნული ბანკის მოქმედებები და ნაბიჯები თიბისი ბანკის წინააღმდეგ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.