ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მექსიკის საზღვრის გასწვრივ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, აშშ-ის პრეზიდენტს აძლევს აღმასრულებელ ძალაუფლებას, კონგრესის გვერდის ავლით, მიიღოს საზღვარზე კედლის ასაშენებლად საჭირო თანხა.
ტრამპი იმედოვნებს, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში სხვადასხვა სახაზინო ფონდებიდან 8 მლრდ დოლარის მობილიზებას შეძლებს. ამასთან, ის აცნობიერებს, რომ დემოკრატები გაასაჩივრებენ პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას, რაც სათავეს დაუდებს პრეზიდენტის აღმასრულებელი ძალაუფლების ჩარჩოში მოქცევას.
ცოტა ხნით ადრე, აშშ-ის კონგრესში, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ერთობლივი ძალისხმევით მიიღეს აშშ-ის 2019 წლის ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს მექსიკის საზღვრის გასწვრივ კედლის მშენებლობის 1,4 მლრდ დოლარით დაფინანსებას.
იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი ბიუჯეტის პროექტს მოაწერს ხელს.
პრეზიდენტის პრესსპიკერის სარა სანდერსის განცხადებით, დონალდ ტრამპი აღასრულებს თავის საარჩევნო დაპირებას რადაც უნდა დაუჯდეს.
2018 წლის 22 დეკემბრიდან აშშ-ის მთავრობის მუშაობა ნაწილობრივ დახურული იყო. დონალდ ტრამპი კონგრესისგან ამერიკა-მექსიკის საზღვრის გასწვრივ კედლის აშენების დასაფინანსებლად 5,7 მლრდ დოლარს ითხოვს, დემოკრატები კი პრეზიდენტის ამ მოთხოვნას კატეგორიულად არ ეთანხმებიან.
გასული თვის ბოლოს, თეთრმა სახლმა და კონგრესმა დროებით შეთანხმებას მიაღწიეს მთავრობის საქმიანობის განახლების შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ ტრამპმა ხელი მოაწერა მოკლევადიანი დაფინანსების დოკუმენტს, რომლის მოქმედებაც 15 თებერვლამდე გაგრძელდება.